წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ვებგვერდი (GIP)
2020 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) რიგით მეოთხე ონლაინ საჯარო დისკუსია თემაზე “ულტრამემარჯვენე ჯგუფები მედიაში”. ღონისძიება გაიმართა საჯარო დისკუსიების სერიის “ანტი-ლიბერალური ტენდენციების ანალიზი საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ღია საზოაგდოების (OSGF) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და მისი მიზანია საქართველოში მემარჯვენე რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა.
დისკუსიის მიზანი გახლდათ, იმის შესწავლა იყენებს თუ არა მედია ულტრამემარჯვენე ნარატივს თვალშისაცემი სტატიებისთვის და როგორ ახერხებენ ანტილიბერალური ჯგუფები ტრადიციული მედიის ყურადღების მიქცევას. მომხსენებლებმა განიხილეს თამაშობს თუ არა მედია გარკვეულ როლს ულტრამემარჯვენე აქტორების პოლიტიკურ სივრცეში ლეგიტიმაციაში. დისკუსიას მოდერაციას GIP-ის დირექტორი, პროფ. კორნელი კაკაჩია უწევდა.
ღონისძების მთავარი მომხსენებელი გახლდათ პროფ. მანუელა კაიანი, ფლორენციის სკუოლა ნორმალე სუპერიორეს (SNS) პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. თავის მოხსენებაში, პროფ. კაიანიმ მიმოიხილა ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და მედიას შორის ურთიერთობა ევროპასა და აშშ-ში. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებენ ანტილიბერალური ჯგუფები ტრადიციული მედიის ყურადღების მიქცევას და თამაშობს თუ არა მედია გარკვეულ როლს ულტრამემარჯვენე აქტორების პოლიტიკურ სივრცეში ლეგიტიმაციაში.
პროფ. მანუელა კაიანიმ წარმოადგინა სოციალურ ქსელებში უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფების აქტივობების ანალიზი. მისი თქმით, ინტერნეტი მათ საშუალებას აძლევს, რომ ონლაინ სივრცე გამოიყენონ კოლექტიური ქმედების დაწყებისთვის. პროფ. კაიანიმ ისინი მოიხსენია ე.წ. “ბროკერებად”, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს აზიანებდნენ კიდეც. გერმანიისა და საფრანგეთის შემთხვევაში გამოვლინდა, რომ მათ ე.წ. ვარსკვლავების სტრუქტურა აქვთ; ხოლო ინგლისში – დეცენტრალიზებული სტრუქტურა; ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს სუბკულტურული მიმდინარეობებიც, სადაც ისინი არ გამოდიან პოლიტიკურ არენაზე, მაგრამ აძლიერებენ გარკვეული იდეოლოგიის კონსოლიდირებას. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომელიც პრეზენტაციის დროს პროფ. კაიანიმ ახსენა, არის ის, რომ ამ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნახევარზე მეტს გააჩნია ტრანსნაციონალური კავშირები სხვა ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებთან და ამ ქსელების საშუალებით ძლიერდებიან.
ღონისძიების მეორე მომხსენებელი გახლდათ თამთა გელაშვილი, ოსლოს უნივერსიტეტის დოქტორანტი და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარი. მან წარადგინა თავისი პოლიტიკის დოკუმენტი “ქართული მედია და მედიაგენური ულტრამემარჯვენეები”, რომელიც გამოქვეყნებულია GIP-ის მიერ ღია საზოგადოების ფონდის (OSFG) ამავე პროექტის ფარგლებში. პრეზენტაციის დროს თამთა გელაშვილმა განიხილა ულტრამემარჯვენეობასა და მედიას შორის ურთიერთკავშირი ქართულ კონტექსტში. იგი, ასევე, შეეხო მედია გაშუქების პოტენციურ გავლენას საზოგადოებრივ აზრსა და ულტრამემარჯვენე აქტორების კონსოლიდაციაზე და განიხილა ქართული მედიის შესაძლო როლი ულტრამემარჯვენეების მობილიზაციაში.
თამთამ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი შემთხვევის ანალიზზე. პირველი, ეს იყო “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის ჩვენება, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა აქცია გამართეს კინოთეატრთან და გამოირჩეოდნენ ძალადობრივი მოწოდებებით, ქართულმა მედიამ კი ინტენსიურად გააშუქა ეს მოვლენები. მეორე შემთხვევა კი შეეხებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ულტრამემარჯვენე მოძრაობა “ქართული მარშის” მიერ გამართულ აქციას, სადაც მათ შენობას ქათმები ესროლეს. თამთას თქმით, ადამიანების უმეტესობა მიმდინარე პროცესებს თვალს ძირითადად მედიის საშუალებით ადევნებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება გაშუქება. თამთა გელაშვილმა გამოჰყო, ერთი მხრივ, ინფორმაციის მიწოდების საკითხი და მეორე მხრივ, მისი კონსოლიდაცია, რათა ამ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მოთხოვნა გააშუქონ. მან მაგალითად მოიყვანა ემიგრაციის თემის მედიით გაშუქების საკითხი და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მედიის მხრიდან ამ თემის ინტენსიურად გაშუქებამ შესაძლოა, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკურ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. თამთამ იქვე ახსენა, რომ სხვა ქვეყანის მედიაგამოცდილება ავტომატურად არ ვრცელდება საქართველოს რეალობაზე.
გამოსვლის მეორე ნაწილში თამთამ გამოჰყო სამი ძირითადი ასპექტი: პირველ რიგში მან თქვა, რომ ზოგიერთ ულტრამემარჯვენე ჯგუფს მედიის ყურადღება მეტად სჭირდება, რადგან პატრიოთა ალიანსისგან განსხვავებით, მათ პოლიტიკური ბერკეტები არ აქვთ; მეორე ასპექტი, რომელიც მან ახსენა იყო პოლიტიკური განწყობები ამ ჯგუფების მიმართ, – ზოგიერთი ულტრამემარჯვენე აქტორი, დაახლოებულია პოლიტიკურ პარტიებთან და ახერხებს კანონმდებლობის შემუშავებაზე ან ინიცირებაზე ზეგავლენის მოხდენას. მესამე ასპექტი, რომელზეც თამთამ ყურადღება გაამახვილა არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციის მიღების პირველწყაროდ და ზოგადად ძირითად წყაროდ ისევ ტელევიზიას იყენებს, ამიტომ მედიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საკითხების “გასენსაციურება” არ მოახდინოს, რადგანაც ამან შესაძლოა მოსახლეობის განწყობაზეც იმოქმედოს.
ღონისძიების ბოლო მომხსენებელი იყო დოქტ. ნინო აბზიანიძე, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და GIP-ის კომუნიკაციების კოორდინატორი. დოქტ. აბზიანიძემ უფრო ფართო კონტექსტში განიხილა ჟურნალისტების როლი ნაციონალისტური დისკურსის გავრცელებაში. თავის კვლევაზე დაყრდნობით – ნაციონალისტური დისკურსი ქართულ ბეჭდურ მედიაში ქვეყნის დემოკრატიზაციის პერიოდში (1991-2012) – მან გააანალიზა არიან თუ არა ჟურნალისტები ამბის უბრალო გადმომცემები, თუ ისინი თამაშობენ გარკვეულ როლს ნაციონალისტური დისკურსის გავრცელებაში. მისი განმარტებით, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორად ნაციონალისტური დისკურსი წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნარატივის უმთავრეს საყრდენს. ნინო აბზიანიძემ ნაციონალისტური დისკურსის ახლებური კონცეპტუალიზაცია შემოგვთავაზა, რომლის თანახმადაც ეს უკანასკნელი განხილულია როგორც სხვადასხვა ელემენტებისგან შემდგარი სტრუქტურა. ცენტრალურ ადგილს მასში იკავებს ექსკლუზიური ან მტრული ნაციონალისტური შინაარსი, მაგრამ ეს შინაარსი მნიშვნელობას იძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება მისი კომუნიკაცია “გამგზავნის” მიერ “სამიზნე ობიექთან” მიმართებაში. ამ კონცეპტუალური მიდგომითა და სოციალური ქსელური ანალიზის მეთოდების გამოყენებით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გამოვლინდა, რომ ჟურნალისტები არიან ნაციონალისტური დისკურსის დომინანტი “გამგზავნები” და ეს სურათი არ იცვლება მაშინაც კი, როდესაც სხვა ფაქტორებთან მიმართებაში ხდება მისი განხილვა, იქნება ეს დემოკრატიზაციის სხვადასხვა პერიოდები, სხვადასხვა სამთავრობო რეჟიმები, დემოკრატიზაციის ფაზები, საარჩევნო და არა-საარჩევნო პერიოდები თუ ადრეული/გვიანი არჩევნები.
დოქტ. აბზიანიძემ აუდიტორიისთვის აღნიშნული ემპირიული სურათის თეორიული ახსნის წარმოდგენისას ყურადღება ორი ძირითადი ელემენტის გარშემო გაამახვილა: მედია სისტემის სტრუქტურასა და თვითონ მედია აქტორების როლზე. მედია აქტორებსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის ურთიერთობები საქართველოში, როგორც დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ ქვეყანაში, საკმაოდ დაძაბულია. თუმცა, მედიას საქართველოში შეუძლია პოზიციის გამოხატვა, ქვეყანაში ამის სივრცე არსებობს. თავის მხრივ, ჟურნალისტიკა არ არის სტანდარტიზებული პროფესია და ჟურნალისტების დიდ ნაწილს საქართველოში არ აქვს პროფესიული განათლება. შესაბამისად, ხშირად მათი პროფესიონალიზაცია სამუშაო ადგილზე, წინა თაობის ჟურნალისტების საქმიანობის გავლენით ხდება. შედეგი კი ის არის, რომ ჟურნალიტური პრაქტიკა ძალიან ნელი ტემპით იცვლება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ჟურნალისტებში კვლავ არსებობს იმის რწმენა, რომ მათ აქვთ ადამიანების განათლების მისია. თუ საბჭოთა კავშირში ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ მათი მისია “საბჭოთა მოქალაქის” განათლება იყო, ახლა ისინი თავიანთ მისიად “ეროვნული” მოქალაქის განათლებას თვლიან. გარდა ამისა, ჟურნალისტები, ისევე როგორც სხვა აქტორები, რაციონალური აქტორები არიან და ცდილობენ საზოგადოების მხრიდან ნდობის მაქსიმალიზებას. ამ პროცესში, არსებობს გარკვეული დაპირისპირება პროფესიულ იდენტობასა და ერთან მიკუთვნებულობას შორის. მედია საკმაოდ პოლარიზებულია საქართველობაში და არ არის საკმარისად გაცნობიერებული იმის შესახებ თუ რამხელა როლის – როგორც პოზიტიურის, ისე ნეგატიურის – შესრულება შეუძლია აღნიშნულ პროცესებში.
უყურეთ დისკუსიის ჩანაწერს: