არასამთავრობოების მედიაცენტრის მუშაობის შესახებ

26.10.2020

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

მედიაცენტრი სასტუმრო „რუმსში“ (კოსტავას ქუჩა 14; დარბაზი – Garden Hall) გაიხსნება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრში ბრიფინგებს გამართავენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საუბნო და საოლქო კომისიებში 1000-ზე მეტი დამკვირვებლით დააკვირდება არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 1 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება ხმების პარალელური დათვლის შედეგები.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ქვეყნის მასშტაბით 1242 საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ეყოლება. მისიის მიერ სრულად დაიფარება 3 ათასი უბანი. 877 უბანს სტატიკური და პერიმეტრის დამკვირვებლები დაფარავენ, ხოლო დარჩენილ 2123 უბანს 292 მობილური ჯგუფი მოივლის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყბის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

მრავალეროვანი საქართველოს 600 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, ახმეტაში, ყვარელში, კასპში, მცხეთასა და დედაქალაქის რაიონებში – ისანში, სამგორსა და კრწანისში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან: კახეთში – საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; სამეგრელოში – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; შიდა ქართლის რეგიონში – გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; იმერეთში, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.