კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები უარყოფითად ვაფასებთ 2020 წლის 08 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს. რასაც მოჰყვა როგორც აქციის მონაწილეთა, ისე ჟურნალისტების მნიშვნელოვანი დაზიანება.
ამ დროისათვის ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით[1], დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედია ორგანიზაციების კუთვნილი ტექნიკა. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდანაც გადმოვარდა:
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ შეახსენებს მმართველ გუნდს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა პატივი სცეს მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების უფლებას, ამასთან განსაკუთრებული ვალდებულებაა არ შეუშალოს ხელი ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებობა მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მიგვაჩნია, რომ 2020 წლის 08 ნოემბერს მომხდარი მოვლენების გამო უნდა დადგეს სათანადო პასუხისმგებლობა და მედიას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ამასთანავე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოხატავს მზადყოფნას ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გაუწიოს უფასო იურიდიული მომსახურება.
[1] https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/85135-cekosthan-mimdinare-aqciis-gashuqebisas-dashavdnen-gadamghebi-jgufebi-da-dazianda-teqnika