ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა

19.11.2020

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით “ურბანული კვლევების ცენტრი” იწყებს  პროექტს,  რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების შეფასებითა და მათი ურთიერთშედარებით  ურბანული განვითარების მართვის ადგილობრივი სისტემის  გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეს დაგვეხმარება შევქმნათ სივრცე პროფესიულ წრეებთან და  საჯარო მოხელეებთან თემის გარშემო კონსტრუქციული, კრიტიკული და პროფესიული დისკუსიისთვის და ავამაღლოთ ცოდნა ურბანული დაგეგმარების პროცესის მართვის ინსტრუმენტების თაობაზე. ანალიტიკური შეფასების დოკუმენტის მომზადებამდე და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობამდე, რასაც პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ, თემატური ბლოგპოსტების სერიას შემოგთავაზებთ და ასე გავააქტიურებთ საკითხის გარშემო ღია დისკუსიას. ბლოგპოსტები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის: თბილისის ურბანული პროცესების მართვის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები, დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის თავისებურებები და მოქალაქეების მონაწილეობა ქალაქთმშენებლობით პროცესებში.

ჯანსაღი, თანასწორი და სამართლიანი ურბანული გარემოს ფორმირება დიდად არის დამოკიდებული სფეროს მართვის გამართული სისტემის არსებობაზე. მდგრადი ურბანული განვითარების პროცესის წარმართვისთვის აუცილებელია ისეთი ინსტიტუციური სისტემის არსებობა, რომელსაც შესწევს ძალა, ეფექტურად გაუმკლავდეს ქალაქებში დაგროვილ გამოწვევებს, დროულად ადაპტირდეს საზოგადოების ცვლადი საჭიროებების შესაბამისად და პროაქტიულ რეჟიმში შეძლოს რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და უთანასწორობა.

საქართველოში ურბანული მართვის მუნიციპალური სისტემა ჯერაც საჭიროებს დახვეწას. უმთავრესად, ის ორიენტირებულია მოქალაქეებისათვის სამშენებლო სერვისების სწრაფად მიწოდებაზე და ნაკლებად მიემართება დაგეგმარების კომპლექსური, მრავალდისციპლინური და გრძელვადიანი პროცესის თანმიმდევრულ და შინაარსობრივ გაუმჯობესებას. სუსტი  ინსტიტუციური ჩარჩო, დაუხვეწავი სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა, სტრატეგიული დოკუმენტებისა და დაგეგმარების ინსტრუმენტების დეფიციტი და გადაწყვეტილების მიღების ხშირად უსისტემო ხასიათი უარყოფითად აისახება, როგორც ცალკეული უბნებისა და არეალების ურბანული გარემოს ხარისხზე, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს კერძო საკუთრების, ავარიული საბინაო ფონდით გამოწვეული სოციალური პრობლემების, გარემოსდაცვითი და კულტურული მემკვიდრეობის ხშირად კონფლიქტური ინტერესების შეჯერების შესაძლებლობას.

თვალი ადევნეთ ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდს, სადაც უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ახალ ბლოგპოსტებს. ბლოგპოსტები ჩვენი მეგობარი მედიების ვებგვერდებზეც გამოქვეყნდება.

ნანო ზაზანაშვილი, არქიტექტორი, პროექტის ხელმძღვანელი, ურბანული კვლევების ცენტრი