კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ნიკა გვარამიაზე ზეწოლისა და მუქარის შესახებ

15.12.2020

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით “მთავარი არხის” დირექტორის და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას, „რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით საფუძვლიანი ეჭვი, რომ კრიტიკული მოსაზრებების გამო ნიკა გვარამიას მიმართ სისტემატურად ხდება სხვადასხვა სახის ზეწოლა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან.

2019 წლის ზაფხულში „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბრალი წაუყენეს მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქონების მიტაცების გამო.   სამართალდამცავ ორგანოებს კი არ წარმოუდგენიათ რაიმე მნიშვნელოვანი განმარტება ამ საქმეზე.მნიშვნელოვანია რომ სახალხო დამცველმა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეაფასა, როგორც სამართლებრივად უსაფუძვლო. 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო; აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა. საჯარო დოკუმენტში მითითებულია, რომ „განხილული კანონმდებლობებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს“.

2020 წლის მარტში დიპლომატიური კორპუსის მიერ ფასილიტირებული პოლიტიკური მოლაპარაკებების შემდგომ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობა შეჩერდა.  საყურადღებოა, რომ ნიკა გვარამიას   სასამართლო  პროცესი განახლდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2020 წლის 1 დეკემბერს, თუმცა მალევე, 2 დეკემბერს სასამართლოს სხდომა კვლავ გადაიდო.

12  დეკემბერს კი გვარამიამ გააკეთა განცხადება, რომ მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ 2020 წელს საბოტაჟის ბრალდებით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა გამოძიება არ დასრულებულა.

გასული წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების საკითხი. 2020 წლის 30 იანვარს „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიების შედეგები საზოგადოებისათვის უცნობია.   ასევე 2020 წლის დასაწყისში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა.[9] მისი განცხადებით, თვალთვალის შესახებ მისი ინფორმირება მიზნად ისახავდა მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

კოალიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლების მიერ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმები და უპასუხისმგებლო შეფასებები. მათ შორისაა, საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის 2020 წლის 14 დეკემბრის განცხადება  ნიკა გვარამიას მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივი კრიტიკის ფონზე, ვშიშობთ,  ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანია „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება.  ეს პროცესი უარყოფითად აისახება “მთავარი არხის“ გუნდზე და ჟურნალისტების სამუშაო გარემოზე.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მხარდაჭერას ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო  პარტნიორებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან.