ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში- კვლევის შედეგები

21.12.2020

ღია საზოგადოების ფონდის ახალი სოციოლოგიური კვლევა  „ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში. მიზეზები, საჭიროებები, გარემო“ ღწერს თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში მაცხოვრებელი ოჯახების და ინდივიდების ყოფას, გარემოს და საცხოვრებელ პირობებს.

კვლევის მიზანია მოქმედი  მუნიციპალური საცხოვრისის სოციალური არქიტექტურისა და საცხოვრებელი პირობების, საცხოვრისების ფუნქციური დატვირთვის და მასში მცხოვრებთა თვალით დანახული ფიზიკური გარემოს შესწავლა. ამასთან, გარკვევა იმისა, თუ რომელია საცხოვრისში მაცხოვრებელი ოჯახების უსახლკარობის ზოგადი ფაქტორები.

კვლევა ასახავს ქუთაისის და თბილისის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები  151 ოჯახიდან ყოველი მესამე ოჯახის (55 ოჯახი) მდგომარეობას და შეფასებას.

ძირითადი მიგნებები

  •  სოციალურ საცხოვრისში ბინადარი ოჯახების გამოკითხვა აჩვენებს, რომ რესპონდენტების უსახლკარობის ყველაზე ხშირი მიზეზი სესხი და საბანკო დავალიანებაა: გამოკითხულთა 34.5%-სთვის უსახლკარობის მიზეზს ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო მაღალ პროცენტში აღებული საბანკო კრედიტის გადაუხდელობის ან კერძო მევახშესთან დადებული იპოთეკური ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კუთვნილი უძრავი ქონების გაყიდვა წარმოადგენს;
  • კვლევის ფარგლებში ჩატარებული 55 გამოკითხული პირიდან, 94.5% ქალია. ქალები ხშირად რჩებიან უსახლკაროდ, მემკვიდრეობით სახლის მამაკაცისთვის გადაცემის ტრადიციის ან ოჯახური ძალადობის გამო;
  • სოციალური საცხოვრისის ბინადრების4% უმუშევარია. რესპონდენტების 43.6% ვერ იმუშავებს განსაკუთრებული საჭიროებებისა თუ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო; გამოკითხულთა 10.9% – 50 წელს გადაცილებული რესპონდენტი – ამბობს, რომ ისინი ასაკის გამო ვერ შოულობენ სამსახურს; გამოკითხულთა 16.3%, ვერ იწყებს მუშაობას შვილების აღზრდისა და მათთან დამტოვებლის არყოლის გამო, დანარჩენი ბინადრების პროფესია კი გამოუსადეგარია არსებულ ეკონომიკურ ფორმაციაში.
  • კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა ნაწილისათვის, მათი ოჯახის მთლიანი ყოველთვიური შემოსავალი 350 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. გამოკითხულთა 74%-ს (42) აქვს ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, მაღაზიის ან აფთიაქის ვალი.
  • სოციალურ საცხოვრისში ბუნებრივი აირი არ არის. ელექტროენერგიის მაღალი კომუნალური გადასახადების გამო, რესპონდენტების ნაწილი ზამთარში გასათბობად მხოლოდ თბილი ტანსაცმლის გამოიყენებას ამჯობინებს.
  • გამოკითხულთა ყოველ მე-3 ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთი პირი მაინც არის. თუმცა, გამოკითხულთა 38.1% ამბობს, რომ მათ ოჯახშიც არიან განსაკუთრებული ფიზიკური საჭიროების/შეზღუდვის ან ფსიქიკური საჭიროების მქონე პირები, სტატუსის გარეშე;
  • გამოკითხულთა 85.4%-ს მიაჩნია, რომ მათ საცხოვრისში სხვადასხვა სახის განუწყვეტელი ხმაურია, რაც მძიმედ მოქმედებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე;
  • ორხევის სოციალურ საცხოვრისში, რომელშიც ერთ ოჯახზე 38 კვადრატული მეტრია გამოყოფილი, სამზარეულო, საძინებელი, მისაღები და ბავშვების სამეცადინო სივრცე გაერთიანებულია და 2-დან 7 წევრამდე ცხოვრობს.
  • ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შენობა ყოფილი კავშირგაბმულობის დაწესებულებაა და საცხოვრებლად გამოუსადეგარია;
  • თბილისის სოციალურ საცხოვრისში, ეტლით მოსარგებლეთა სპეციალური ლიფტი გაფუჭებულია და შშმ პირებს მაღალ სართულებზე ოჯახის წევრთა დახმარებით უწევთ გადაადგილება;
  • შენობების ინფრასტრუქტურის სუბიექტური შეფასებისას, რესპონდენტთა 80%, რომ მათი საცხოვრებელი არ არის უსაფრთხო; გამოკითხულთა 49% კი საკუთარ ბინას საშიშ, დაბინძურებულ და ხმაურიან ადგილად მოიხსენიებს;
  • გამოკითხულთა 85%-სთვის მიუწვდომელია ბაზარი, ბანკი, საავადმყოფო და სარეკრეაციო სივრცე;
  • გამოკითხულთა 47.2%-სთვი ტრანსპორტის გაჩერება, სიშორისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოუხერხებელია.

სხვადასხვა კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ საქართველოში უძრავი ქონების დაკარგვას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ამ ჩამონათვალში მოწინავეა დაურეგულირებელი საბანკო და საკრედიტო პოლიტიკა, რასაც მოსდევს უძრავი ქონების დაკარგვა თვალთმაქცური გარიგებების, ჯანმრთელობის გამო გაყიდული ბინების, ავარიული და ნგრევადი სახლების, ოჯახური ძალადობის და სხვა მიზეზები.

თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური საცხოვრისის არსებული ფორმა ვერ ქმნის ადამიანთა საცხოვრებლად სათანადო და ღირსეულ  პირობებს, ხოლო დამხმარე ეკონომიკური და სოციალური პროგრამების არარსებობა ტვირთად აწვება მათ მატერიალურ, სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობას.

საცხოვრისში გატარებული წლები კვლევის რესპონდენტებისთვის იზოლაციისა და სოციალური გარიყულობის მწარე გამოცდილებაა. ამ დროის განმავლობაში გაუარესდა მათი განათლების, დასაქმების, კვალიფიკაციის, სოციალური ურთიერთობების  პერსპექტივები.

„სოციალური საცხოვრისის არსებული პოლიტიკა არ ითვალისიწინებს ბენეფიციართა საჭიროებებსა და ინტერესებს. სიღრმისეული კვლევისა და ანალიზის გარეშე შექმნილი ეს სერვისი აცდენილია უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის მიზანს, ხოლო ბენეფიციარებს მუდმივად დახმარებაზე დამოკიდებულ პირებად აქცევს.  მიუხედავად ამისა, თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალური სოციალური საცხოვრისები დღეს არსებული ერთადერთი მხარდაჭერაა აქ მცხოვრები ოჯახებისა და პირებისათვის. თუნდაც მძიმე პირობებით – ჭერის ქონა, ყოველთვიური ქირის ტვირთისგან გათავისუფლება, აბაზანა, მუდმივი წყალი და ელემენტარული საცხოვრებელი გარემო -გამოუვალი მდგომარეობიდან უალტერნატივო გამოსავალი ხდება“-კვლევის დასკვნაში აღნიშნავს კვლევის ავტორი ქეთი სართანია.

ნახეთ კვლევის სრული ვერსია.

უყურეთ პრეზენტაციის ჩანაწერს.