ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება

23.03.2021

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით მარნეულში 21 მარტს განვითარებულ მოვლენებს, სადაცმოძრაობა საქართველოსთვისაქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 21:00 საათზე დემონსტრაციულად დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა. სწორედ ამ პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო აქტივისტებთან დაკავშირება და გამოკითხვაზე დაბარება .. კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამოდაწყებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში.  ის არემოება, რომ საქმეთა დიდნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლის სამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს როგორც სადამსჯელო მექანიზმს მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვლისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამი გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არა თანმიმდევრული და მეტიც, დისკრიმინაციულია ეთინკური უმცირესობების მიმართ. მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო მაგალითად, 1 იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ იგი სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს უთანასწორო მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო.