მკვლევარი: ანა მარგველაშვილი (სათემო განვითარების ცენტრი)
კვლევის ასისტენტი: ირაკლი ირემაძე (სათემო განვითარების ცენტრი)
კვლევის კონსულტანტები: იაგო კაჭკაჭიშვილი (თსუ, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი), ბესო სულაბერიძე (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი), დავით ლოსაბერიძე (ისტორიკოსი, თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი), ნინო ვასაძე (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი).
კვლევის მთავარი ფოკუსი დღეს სოფლებისა თუ მცირე დასახლების დონეზე მოქმედი სათემო ჯგუფები, მათი ორგანიზაციული სტრუქტურა, სამუშაო გარემოს და იმ დაბრკოლებების შესწავლა იყო, რომელთა გადალახვაც სათემო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ. დღეს საქართველოში ასეთი 160-მდე ჯგუფი მოქმედებს1; საზოგადოებრივი ცხოვრების აღნიშნული გამოვლინება, სათემო ინიციატივებისა და ინიციატორების სახით, საქართველოს იურისდიქციაში შემავალი 3500-ზე მეტი სოფლის რაოდენობასთან მიმართებით საკმაოდ სუსტია და დაახლოებთ 4%-ს შეადგენს. იმისათვის, რომ სოფლებში, თემში არსებული უამრავი ზოგადი თუ თემატური პრობლემა მოგვარდეს, სასურველი იქნებოდა თითო თემში თითო სათემო ჯგუფი ან ინიციატორი მაინც მოქმედებდეს. ამ მხრივ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და პირველ რიგში, სწორედ შესაბამისი გარემოს შექმნაა საჭირო, რაც სხვადასხვა გზით და პროცესის სხვადასხვა მონაწილის ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს.
დღეს მოქმედი სათემო ინიციატივების განვითარება გარკვეული პროცესის შედეგს წარმოადგენს – პროცესისა, რომელმაც ისტორიულად და განსაკუთრებით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღევანდელობამდე მოგვიყვანა. შესავალში მოკლედ არის მიმოხილული ისტორიული რაკურსი. კვლევის კონტექსტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განვლილი 30 წელია, რომელსაც ვყოფთ რამდენიმე პირობით ფაზად (1994-2000-მესამე სექტორის გაჩენა და გაძლიერება, ამ ეტაპზე სათემო ორგანიზაციები ნაკლებად გვხვდება; 2000-2010 გამოცდილების მულტიპლიცირება ცენტრებიდან სოფლებში და პირველი სათემო მცდელობები – მობილიზება გარედან; 2010-დან სათემო, თვითორგანიზებული ჯგუფების სტაბილიზაციის და განვითარების ფაზა) და ეს დაყოფა ავტორის, როგორც აღნიშნული პროცესების მონაწილის და დამკვირვებლის სუბიექტურ ხედვასა და აღქმას წარმოადგენს.
შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს მოკლე ისტორიულ რაკურსს (სათემო თვითორგანიზება და კერძო ინიციატივები საბჭოთა ოკუპაციამდე), უახლეს ისტორიულ მიმიხილვას (1991 წლიდან დღემდე განვლილი განვითარების გზა) და დღეს მოქმედი სათემო ჯგუფების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებასა და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების კვლევას.
კვლევის შედეგების გარდა ამ დოკუმენტის და თანამდევი რეკომენდაციებისა, სათემო ორგანიზაციების ანკეტირების შედეგად მომზადდა მოქმედი სათემო ჯგუფების დაზუსტებული სია, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს 2021 წლის ზაფხულში (შეფერხდა პანდემიის გამო). სწორედ ამ სიაზე დაყრდნობით მოხდება სქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თემის განვითარების რესურს-ცენტრის მონაცემთა ბაზის კორექცია. რაც შეეხება უშუალოდ სათემო ჯგუფების კვლევას, მონაცემებსა და რეკომენდაციებს სამომავლოდ სხვადასხვა პროექტი და განვითარების პროგრამა შეიძლება დაეყრდნოს, რომლებიც საქართველოში თემზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერისკენ იქნებიან მიმართული.