CivilPitch 2018-ის მთავარის პრიზის მფლობელი ფილმის წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალზე

10.05.2021

ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებული CivilPitch 2018-ის მთავარი პრიზის მფლობელის ქეთი მაჭავარიანის ფილმმა „მზიური“ კანადის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე HotDocs ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა (Best Mid-Length Documentary Honourable Mention).

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Hot Docs მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის.

CivilPitch დოკუმენტური ფილმების ინდუსტრიული პლატფორმაა, რომელიც CineDoc Tbilisi-ს ფარგლებში იმართება. სწორედ ამ პლატფორმაზე დაინტერესდა ქეთი მაჭავარიანი ფილმის იდეით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) წარმომადგენელს, ცისანა ხუნდაძეს ეკუთვნის. ფილმის გმირი სოციალური მკვლევარი მზიური გოგიჩაიშვილია. იგი უცნობი ადამიანების საცხოვრებელ ბინებში შედის, რომ პასუხი მიიღოს სხვადასხვა შინაარსის კითხვებზე: ,,უნდა იყოს თუ არა დაცული უმცირესობათა უფლებები? რას ფიქრობთ აბორტზე? ოდესმე ხომ არ შეგრცხვენიათ, ქართველი რომ ხართ? და რა ასაკამდე გჯეროდათ თოვლის პაპის არსებობის?’’

ფილმის შესახებ HotDocs Festival-ის პლატფორმაზე წერენ: ქვეყნის დიდი იმედებისა და ღრმა შიშების შესაცნობად კარდაკარ უნდა იაროთ და ეძიოთ პასუხები.