“კოალიცია თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს.
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვანების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გარდა ამისა, პროკურატურა ბავშვთა პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) მართავს – გაუპატიურების საქმესაც იძიებს.
ეპისკოპოსი სპირიდონის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიას დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონში, ამჟამად, 150-მდე ბავშვი ირიცხება. აღნიშნული მონაცემი გაცილებით მაღალია, ვიდრე ინფორმაცია, რომელიც მანამდე ვრცელდებოდა. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვეა არაერთი მოთხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, პანსიონატში სახალხო დამცველს არ ეძლევა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების – მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ბავშვთა მდგომარეობის დაკვირვების შესაძლებლობა არ ეძლეოდა ასევე სოციალურ მუშაკს. მას შემდეგ რაც გახმაურდა აღნიშნული ფაქტი, სოციალური მუშაკი შევიდა დაწესებულებაში, თუმცა რა ხარისხით ეძლევა მას ბავშვების მიმდინარე მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა, ჯერ საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
ამ ფონზე შემაშფოთებელია რამდენიმე დღის წინ გახმაურებული ამბავი, რომ ნინოწმინდის პანსიონში შეუშვეს პრორუსული, ძალადობრივი იდეების წამახალისებელი მედია “ალტ ინფო” და სხვა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები და ,,პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე. პანსიონში არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილმა, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიიდან გათავისუფლებულმა ეპისკოპოსმა, სერაფიმე ჯოჯუამ კი წირვა აღავლინა.
ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. ამასთან, სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა.
უფრო მეტიც, ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ კეთდება განცხადება დიდი პანსიონატების დეინსტიტუციონალიზებისა და აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც ამ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი გარემოს და უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა.
შეგახსენებთ, რომ 2015 და 2019 წლების მონიტორინგის ანგარიშებში სახალხო დამცველი უთითებდა, რომ პანსიონატებში არსებული შეზღუდვები, აღზრდის მკაცრი წესი, არასრულწლოვანთა დიდი რაოდენობა, ნაკლებად ქმნის ოჯახთან მიახლოებულ ინკლუზიურ გარემოს. აპარატის შეფასებით განსაკუთრებით პრობლემურია, რომ პასუხისმგებელ უწყებებს დღემდე არ აქვთ ინფორმაცია რელიგიური პანსიონებისა და მათში ჩარიცხული ბავშვების ზუსტი რაოდენობის შესახებ, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ დაწესებულებებში მეტად სუსტია სახელმწიფოს კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო თითქმის არ მონაწილეობს ბავშვების დაწესებულებაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცესებში, არ კონტროლდება პანსიონებში არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო. შესაბამისად, დაწესებულებაში შესვლა და დატოვება სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყების მიღმა ხდება. ყოველივე ეს სრულიად დაუცველ მდგომარეობაში აყენებს ამ დაწესებულებების არასრულწლოვან ბენეფიციარებს (2019 წლის მონიტორინგის ანგარიში). განსაკუთრებით შემაშფოთებელია ძალადობის მომეტებული რისკების შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ომბუდსმენის თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებული იყოს ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა, მეტანიების გაკეთება. ამის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების შესაძლებლობა და ისინი ეგუებიან არსებულ გარემოს. ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნები თითქმის იზოლირებულები არიან სოციუმიდან, ამასთან, ბავშვებს არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ ვის შეიძლება მიმართონ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველი ასევე უთითებს, რომ პანსიონებში არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, აღსაზრდელების პირადი დოკუმენტაცია ხშირ შემთხვევაში მოუწესრიგებელია, ბავშვები არ არიან უზრუნველყოფილი პირადი სივრცით, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს არ აქვთ ადეკვატური ფსიქოლოგიური დახმარების მიღების შესაძლებლობა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ
საქართველოს პროკურატურას
დაუყოვნებლივ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება ნინოწმინდის პანსიონში ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიების შედეგების შესახებ და დაუყოვნებლივ დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მონაწილეობდა ბავშვთა მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებში;
საქართველოს მთავრობას
უზრუნველყოს სახალხო დამცველის შეუფერხებელი დაშვება ნინოწმინდის პანსიონატში გამჭვირვალე და ეფექტური მონიტორინგის ჩატარების მიზნით;
შედეგიანად განხორციელდეს ყველა დიდი ზომის ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.