17 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლის 100-მდე ვაკანსიის შესახებ მიიღება გადაწყვეტილება,[1] მათ შორის დღესვე, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარედგინება.[2]
მიუხედავად იმისა, რომ წლებია საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, დღეს ახალი კადრების დამატების პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი,[3] რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა.
დღესღეობით სასამართლო სისტემაში 300-მდე მოსამართლეა, დამატებით 100-მდე დამოუკიდებელი მოსამართლის დანიშვნა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდაქვეყანაში მართლმსაჯულების ხარისხს. თუმცა, ამის საპირისპიროდ არსებული ვაკანსიების უმეტესობა როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს.
ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით, კიდევ უფრო ზიანდება ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.
ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის თავიდან დაწყების საჭიროებაზე უთითებს. ამის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ფორსირებულად, რეფორმების არარსებობის პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საბჭოს ძველი შემადგენლობით მიიღოს.[4]
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე.
სასამართლოს სიღრმისეული რეფორმების განხორციელების გარეშე, ამგვარი მნიშვნელობის საკადრო გადაწყვეტილებების დაჩქარებულ ტემპში მიღება, უკიდურესად აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესებს. ვფიქრობთ, რომ საბჭოს ქმედებებმა მომავალში შესაძლებელია ლეგიტიმურობის საკითხი წარმოშვას ამ პირობებში დანიშნული მოსამართლეების მიმართ.
ცხადია ამგვარ გაბედულ ნაბიჯებს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ გადადგამდა ხელისუფლების უპირობო მხარდაჭერის გარეშე. მმართველი პარტიის მიერ კლანის არსებობის იგნორირება და ზედაპირული, კოსმეტიკური რეფორმიების დაანონსება კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიტიკური ნების არ არსებობაზე, სასამართლო სისტემაში განხორციელდეს თვისობრივი ცვლილებები და შესრულდეს დასავლელი პარტნიორების შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღებული ვალდებულებები.
მოვუწოდებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
ასევე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: