კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის 5 ივლისს დაზარალებულ ჟურნალისტებს სამართლებრივ დახმარება სთავაზობს

06.07.2021
5 ივლისი იყო უმძიმესი დღე დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მდგომი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვნახეთ ორგანიზებული ძალადობრივი შეტევა მედიის წარმომადგენლებზე, ქუჩაში გამვლელებზე, რომელთა დასაცავად სახელმწიფომ არაფერი გააკეთა. უფრო მეტიც, პოლიციის უმოქმედობა “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა მასობრივი რაოდენობით გაამართლა.
მედიის წარმომადგენლები დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელშეუხებელნი არიან. სამაგიეროდ, დასჯილი და ჩახშულია მათი კრიტიკული ხმა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში.
მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული ჟურნალისტის მიმართ, რომლებიც თავდადებით, გულანთებულები ემსახურებიან საკუთარ პროფესიას და სიცოცხლის ფასად უღირთ სიმართლე და საკუთარი თვალით დანახულის საზოგადოებისთვის გაზიარება.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ყველა დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლის აღდგენაში დაეხმარება.  მედიის სამართლებრივი მხარდაჭერისათვის კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” იმოქმედებს ცხელი ხაზი: 555 795 776.
ღია საზოგადოების ფონდი კოალიციის წევრი ორგანიზაციაა.