განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში

29.07.2021

ავტორები: გივი ადეიშვილი; დავით ამაშუკელი; დავით ერისთავი; გოგა თუშურაშვილი რედაქტორი: ლევან ავალიშვილი

კვლევა განხოციელდა “ღია საზოგადოების ფონდების” (OSF) მიერ დაფინანსებული პროექტის – „საჯარო სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესება საქართველოს განათლების სისტემაში“ ფარგლებში. განვითარებადი ეკონომიკის და დაბალი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, განათლების სექტორი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი საქართველოს მასშტაბით, COVID-19 პანდემიის და დისტანციური სწავლების ფონზე. პროექტის მიზანს წარმოადგენს არსებული გამოწვევების შეფასება და საპასუხო ღონისძიებების შეთავაზება დაინტერესებული მხარეებისათვის.

PISA1 -ს ქულების გათვალისწინებით (70-ე ადგილი 78 ქვეყნიდან) საქართველოს განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. დღეისათვის არსებული გამოწვევებია სკოლების დაბალი ხარისხის ტექნიკური აღჭურვილობა და შესაბამისი პერსონალის კვალიფიკაცია. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და არ აქვს წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან. ასევე, COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა და შესაბამისმა უსაფრთხოების წესებმა გამოიწვია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის შემცირება რაც უარყოფითად აისახა სასწავლო პროცესის ეფექტიანობაზე.

განათლების სექტორში სტრატეგიული დაგეგმვა აუცილებელია, რადგან განათლება ადამიანურ კაპიტალში მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. განათლება აუცილებელია, როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე სოციალური უზრუნველყოფისა და ქვეყნის კეთილდღეობის მისაღწევად. განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საგანმანათლებლო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისთვის მაღალი ხარისხის მდგრადი შედეგების მიღების შესაძლებლობას.

 

განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში by OSGF on Scribd