ხელმომწერი ორგანიზაციები, მივმართავთ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე აქტიურად გააშუქოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.
ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საზოგადოებრივ მაუწყებელს განსაკუთრებული მისია აკისრია და, ამიტომაც, სასურველია, საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და გასართობი ფორმატის გადაცემებში რეგულარულად დაეთმოს სათანადო ყურადღება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შესახებ ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას.
საზოგადოების ფინანსებით მოქმედ ორგანიზაციას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს, უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკის მეშვეობით. გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები ყველა პლატფორმაზე აისახება.
მეორე მხრივ, სასურველია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2022 – 2025 წლების პრიორიტეტების პროექტში გააფართოოს რეკომენდაციები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით.
2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრად მიღების შესახებგააკეთა განაცხადი. საქართველოს და მოლდოვის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენა დააჩქარა რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის მიერ გამოხატულმა სურვილმა, დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი. შექმნილმა არასტანდარტულმა ვითარებამ და სამი ქვეყნის, ე.წ. ასოცირებული ტრიოს – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ განაცხადების ერთდროულად წარდგენამ საქართველოს მოსახლეობაში გაზარდა მოლოდინები ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა იგულისხმება ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურებში. გაწევრიანების ბარიერებთან და პროცესის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მოსახლეობაში მცდარი, ევროსკეპტიკური განწყობების გამოსარიცხად აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებას აქტიურად მიეწოდოს დროული და სანდო ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურებთან, ხანგრძლივობის და წევრობის მსურველი სახელმწიფოების მიერ სავალდებულოდ გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით.
უკრაინაში საომარი მოვლენების ფონზე ვაფასებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცდელობას, აქცია-მარათონით „ჩვენ უკრაინისთვის“ მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხს. ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი მონაწილეობაა ევროპული ღირებულებების გაძლიერების პროცესში.