კვლევის ავტორები: ნატალია ცაგარელი; ნათია იმნაძე; ანტონ (ტატო) ქელბაქიანი; მაია გიგინეიშვილი
სოციოლოგი – იაგო კაჭკაჭიშვილი
კვლევის მიზანს წარმოადგენდა – საარჩევნო პროცესში კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა და გავლენის შეფასება და პრობლემის გადაწყვეტის გზების დასახვა არაფორმალური გავლენების შემცირებისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის ამოცანები გახლდათ – 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში (წინასაარჩევნო პერიოდი; კენჭისყრის დღე) კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობის შეფასება; კვლევის საბოლოო ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადება.
საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ ძირითად დებულებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოვლენა საარჩევნო პროცესში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და უზრუნველყოფილია ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენა. გარდა ამისა, კანონმდებლობის თანახმად, დასჯადია არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა; წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა; ამომრჩევლის მოსყიდვა.
მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებული დებულებებისა, საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესები დღემდე გაუმართავია. როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების მუდმივ წუხილს წარმოადგენს ამ პროცესში კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების მონაწილეობა და მათი კავშირი ოფიციალურ უწყებებთან/პირებთან. როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, ასევე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში არაერთი საჯარო განცხადება გაკეთდა ასეთი სახის კავშირების არსებობის თაობაზე. გარდა ამისა, სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, სადაც მიუთითებდნენ კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობაზე ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მიზნით.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ არ იყო განხორციელებული საარჩევნო პროცესებში კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების მონაწილეობის ანალიზი, რომლის საშუალებითაც შეფასდებოდა მათი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში და თანამშრომლობის მასშტაბები ოფიციალურ თანამდებობის პირებთან. თუმცა ანალიზის პროცესმა ასევე აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში, მმართველი პარტიის აქტივი, სახელმწიფო მოხელეები, არაფორმალური ჯგუფები და კრიმინალური ავტორიტეტები იმდენად ერთგვაროვნად მოქმედებენ, რომ ერთი მხრივ, რთულია იმის გარჩევა, თუ ვინ წარმოადგენს ოფიციალურ თანამდებობის პირს და ვინ – კრიმინალურ ავტორიტეტს/არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენელს, მეორე მხრივ კი, აღნიშნული ჯგუფების ქმედებებს შორის მსგავსება/სინქრონულობა შეთანხმებულ და ერთიან სტრატეგიაზე აჩენს ეჭვს.