გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ- სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

27.05.2022

27  მაისს ქართველი ხალხი ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ირგვლივ გაერთიანდა. სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი ღიაა მხარდამჭერებისთვის.

“ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს.

რამდენიმე თაობაში ერთს ერგება ხოლმე უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი. და თუ, თაობიდან თაობამდე, ისევ და ისევ, ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მონობას – ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს არ უწერია დასასრული და გადაშენება.

ჩვენამდე არაერთმა რჩეულმა თაობამ გააკეთა ეს არჩევანი და ასე გადმოგვცა ჩვენი სახელმწიფო  დასაცავად, მოსაფრთხილებლად და ასაყვავებლად. დღეს იგივე არჩევანის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს ერგო და ამ პასუხისმგებლობას ვერცერთი ვერ გავექცევით.

თუკი ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნის და ხალხის საამაყო გზის გაგრძელებაა, რადგან ღირსება და თავისუფლება ქართველების ცხოვრების წესი და რაობაა, და სხვანაირად არ და ვერ ვიცხოვრებთ – ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროპულ მომავალს!

  1. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა – არ არსებობს არჩევანი “სახელმწიფოსა და სამშობლოს”, “თავისუფლებასა და უსაფრთხოებას” შორის. სამშობლო – თავისუფალი სახელმწიფოა; უსაფრთხოება – თავისუფლების დაცვა.
  2. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი – არავის, ქონების, წოდებისა და დიდების მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
  3. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს – ხელისუფლების გადაცემა ბუნებრივი მოვლენა იყოს და არა იშვიათი გამონაკლისი.
  4. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის რომ: კანონი უზენაესი და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული იყოს – არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია. არავინ დგას კანონზე მაღლა.
  5. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: მოქალაქე სამართალს დამოუკიდებელ და კვალიფიციურ სასამართლოში პოულობდეს – სადაც კანონის მიმართ ყველა თანასწორია და განაჩენს ვერავინ უკვეთავს ან ყიდულობს.
  6. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს – არავინ იდევნებოდეს აზრის გამოთქმისთვის და ცენზურა ან მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯებოდეს.
  7. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიღატაკე აღარ არსებობდეს – არავინ იყოს ქუჩაში უსახლკაროდ და მშიერი, პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ გარანტირებული.
  8. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას – მმართველების ხელდასმული მოხელეები არ ძარცვავდნენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდები – ისჯებოდნენ.
  9. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული – ეროვნულ საგანძურს და ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებოდნენ და ხელისუფალნი უკანონოდ არ ასხვისებდნენ.

ამიტომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროკავშირს. ეს ჩვენი წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა, რამაც თავისუფალი სამყაროს ნაწილად უნდა გვაქციოს, ხოლო ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული ცხოვრება უზრუნველყოს.

მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან – თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა.

მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება.

დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ!”