15 ოქტომბერს „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ და მისი ადგილობრივი პარტნიორების „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ და „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ წარმომადგენლები მარნეულის კოლეჯებს ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა შპს „მარნეულის კოლეჯს“, შპს „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯსა“ და სსიპ „კოლეჯი მოდუსი მარნეულს“ და LINKS პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. სერტიფიკატები გადაეცათ LINKS პროექტის კომპიუტერული უნარების კურსების პირველი ნაკადის ბენეფიციარებს.
LINKS პროექტი ერთ-ერთი ცხრა პროექტთაგანია, რომელსაც ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4J) პროგრამა აფინანსებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად. პროექტების მიზანია, დაეხმაროს ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.
პროექტი “LINKS” მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ და „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“.