მადლობა ახალგაზრდებს, ქალებს, მშრომელებს, მეცნიერებს, პედაგოგებს, ექიმებს, კულტურის და სპორტის წარმომადგენლებს, მეღვინეებს, მეწარმეებს, ფერმერებს, ყველას, ვინც დგას ისტორიის სწორ მხარეს და ხელისუფლების ძალადობისა და რეპრესიის პირობებში თავის აზრს გამოხატავს!
რუსული კანონის მიღებისა და ევროპული კურსიდან გადახვევის წინააღმდეგ საზოგადოების შეუპოვარმა ბრძოლამ პირველადი შედეგი გამოიღო.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის 78-მა დეპუტატმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის განცხადებით, ეს კანონი არის დიდი რუსული კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის; პარლამენტში რუსული კანონის განხილვა კი ყველა მოქალაქის ღირსებას ლახავს და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რაც საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა.
ამ კანონის პირველი მოსმენით მიღება იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიდასავლური კამპანიებისა და ევროპული ინსტიტუტების მუდმივი დელეგიტიმაციის პირდაპირი გაგრძელება.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არ არსებობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის პროცედურა, შესაძლებელია მხოლოდ მისი ჩაგდება პლენარულ სხდომაზე. შესაბამისად,აუცილებელია, რომ პარლამენტმა რუსულ კანონს კვლავ უყაროს კენჭი და ჩააგდოს ის, ხოლო რუსული კანონის მეორე ვერსია, რომელსაც კენჭი არ ეყარა, ინიციატორებმა ოფიციალურად გაიწვიონ. ეს იქნება ოფიციალური ბოდიში ქართველი ხალხისადმი.
ამრიგად, მოვითხოვთ:
პარლამენტმა დაუყოვნებლივ გამართოს პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონს კვლავ უყრის კენჭს და მას ოფიციალურად ჩააგდებს;
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავდა და ქუჩებში საქართველოს და ხალხის ღირსების შემლახავ რუსულ კანონს აპროტესტებდა.
განცხადება ღიაა შემოერთებისთვის ნებისმიერი ორგანიზაციისა და მედიისთვის.
ხელმოწმერები: