სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვეხმიანებით უფლებადამცველების დაკავების ფაქტებს

03.06.2023

ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ.

ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.

შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოებახდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და,  ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
  • საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს, იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებითდა, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოცოაციას – გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  3. დემოკრატიის მცველები
  4. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  5. სალამი
  6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისსაერთაშორისო საზოგადოება
  7. ღია საზოგადოების ფონდი
  8. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  9. საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
  10. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  11. უფლებები საქართველო
  12. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  13. მედიაომბუდსმენი
  14. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  15. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  16. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  17. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია