გამოხმაურება კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების თაობაზე

23.01.2024

დღეს ჩვენ ვიხილეთ მოწყვლადი ოჯახის გამოსახლების ძალადობრივი და ღირსების შემლახველი პროცესი, რომელიც ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და ჰუმანურობის პრინციპს არღვევს.

პრობლემურია კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების დრო, რადგან ზამთარსა და სიცივეში მათი უსახლკაროდ დატოვება საერთაშორისო სტანდარტებსა და სოციალური სახელმწიფოს პრინციპს ეწინააღმდეგება.

პრობლემურია ოჯახის გამოსახლების ფორმა, ვინაიდან ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების, აქტივისტებისა თუ მხარდამჭერების წინააღმდეგ პოლიციამ ძალა დამამცირებელი ფორმით გამოიყენა. დაკავებულია 20-მდე ადამიანი როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული წესით.

პრობლემურია ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და დაკავების შემთხვევები.

არაერთი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, იძულებითი გამოსახლება არის ყველაზე მზღუდავი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონის, ადამიანის უფლებისა და გონივრულობისა და პროპორციულობის ზოგადი პრინციპების დაცვის შესაბამისად.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტები. ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობრივი გამოსახლების პროცესი.