პარტნიორები
თითქმის 30 წელია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან.
ფონდი აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და ადვოკატირების მნიშვნელოვან კამპანიებში ერთვება. ეს თანამშრომლობა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურება.
დემოკრატიული ცვლილებების მიღწევის მიზნით, ფონდი არაერთი დარგობრივი კოალიციის წევრია:
მედიის ადვოკატირების კოალიცია (მედიაკოალიცია, MAC) არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში მედია ლანდშაფტის გაუმჯობესებაა. მედიაკოალიცია, რომელიც საქართველოს 16 წამყვან მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს, 2011 წელს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ეგიდით შეიქმნა. MAC-ის საქმიანობა მედიის თავისუფლების შენარჩუნებას, არსებულ გამოწვევებთან გამკლავებასა და მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს.
MAC მიზნად ისახავს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას, დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშემწყობი გარემოს დაცვას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და არსებული კანონების აღსრულების უზრუნველყოფას. ქართულ მედია სექტორში პოლარიზაციის მიუხედავად, MAC განსაზღვრავს საკითხებს, რომელთა გარშემოც ჟურნალისტები, რედაქტორები და მენეჯერები ერთიანდებიან.
კოალიცია თანასწორობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) მხარდაჭერით შეიქმნა. კოალიციაში გაერთიანებული 11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.
კოალიციის საქმიანობა მოიცავს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გაძლიერებას, დისკრიმინირებული ჯგუფების სამართლებრივ დახმარებას, პროგრესული სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, თანასწორობის პოლიტიკის შესწავლას, სისტემური ხარვეზების გამოვლენასა და მათი გამოსწორების გზების შემუშავებას.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 2011 წელს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) მხარდაჭერით შეიქმნა. კოალიციაში გაერთიანებული 40 არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.
კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება/ადვოკატირება და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე. დღემდე, კოალიციამ განახორციელა რამდენიმე სიღრმისეული კვლევა, შეიმუშავა ათეულობით რეკომენდაცია მართლმსაჯულების სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, მოაწყო მრავალი საჯარო ფორუმი და დისკუსია. კოალიცია თავის მოსაზრებებს რეგულარულად აცნობს აღმსრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანამშრომლობს ვენეციის კომისიასა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან. კოალიცია აქტიურად ურთიერთობს მედიასთან, რათა საზოგადოებას გააცნოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები.
დონორები
თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, ფონდის ინვესტიცია საქართველოში ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის 118 მილიონ დოლარზე მეტია. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების, ლტოლვილების, სტუდენტების, პროფესიული ჯგუფების, სოციალურად დაუცველების, ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერებისკენ და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისკენ იყო მიმართული.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მდგრადობასა და ფონდის პროგრამებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელი.
საკუთარი პროგრამების პარალელურად, ფონდი სამოქალაქო სექტორს საერთაშორისო დონორების მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებშიც აძლიერებს. სხვადასხვა დროს, ფონდის საქმიანობა მოიცავდა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID), გაეროს განვითარების პროგრამა, რუმინეთის განვითარების ფონდი, ნიდერლანდების საელჩო…
ამჟამად, ფონდი რამდენიმე დონორი ორგანიზაციის პროექტს ახორციელებს:
ერთიანი საქართველო ევროპისთვის
პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით. ამასთან, პროექტის მიზანია, გააძლიეროს დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, მედია, ბიზნესი, ახალგაზრდა ადვოკატები და აქტივისტები; ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებსა და საზოგადოებრივ დიალოგს; მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას.
პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) მიერ ხორციელდება.
მედიის ადვოკატირების კოალიციის გაძლიერება
პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიული მხარდაჭერის უზრუნველყოფას მედიის ადვოკატირების კოალიციისათვის (MAC), რომელიც აერთიანებს 16 წამყვან მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას საქართველოში. პროექტი ორიენტირებულია ეფექტური და უსაფრთხო მედია გარემოს ხელშეწყობაზე, MAC-ის ადვოკატირების ძალისხმევის გაძლიერებითა და მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებით. საქმიანობა დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშემწყობი გარემოს დაცვას მოიცავს.
მედიის ადვოკატირების კოალიციის გაძლიერების პროექტი USAID/IREX მედია პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
თანასწორობის კოალიციის გაძლიერება
პროექტი მიზნად ისახავს თანასწორობის კოალიციის გაძლიერებას. დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობები მოიცავს თანასწორობის კოალიციის მომდევნო წლების სტრატეგიის განსაზღვრას, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას, საადვოკაციო და საინფორმაციო კამპანიების წარმოებას, ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას, სამართლებრივი მხარდაჭერისა და დახმარების ქსელების დახვეწასა და გაძლიერებას.
თანასწორობის კოალიციის გაძლიერების პროექტი RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education) მხარდაჭერით, თანასწორობის კოალიციასთან თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
CPR პროექტი – ზრუნვა, პრევენცია, უფლებები
პროექტის “სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით” მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შექმნის, დანაშაულისა და ნარკომანიის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის სისტემების გაუმჯობესების გზით ხელი შეუწყოს ადამიანთა უსაფრთხოების გაზრდას საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
CPR პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: ალტერნატივა ჯორჯია, საქართველოს საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირი, ბემონი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ქსენონი, ნაბიჯი მომავლისკენ.