მხარდაჭერა დამოუკიდებელ ქართულ კინოს – საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინალეზე ქართულ სტენდს უკვე მეორედ აწყობს

19.02.2025

რომ არა ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიები, სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე ახლა კონტინენტის უმაღლეს მწვერვალზე იქნებოდა როგორც დოკუმენტური მინი სერიალის მთავარი გმირი და ამ გადაღების ფარგლებში ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ მოგვიყვებოდა. „შვიდი მწვერვალი: გარდასახვის გზა“ – სერიალის ამ პროექტს ახლა საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი გმირის გარეშე, ანდროს გარეშე წარადგენს. ჩანაფიქრის მიხედვით, ფილმის პირველი სერიის გადაღება ჯერ კიდევ იანვარში იყო დაგეგმილი, თუმცა მანამდე ანდრო დააკავეს.

უკვე მეორე წელია, საქართველოს კინოინსტიტუტი ბერლინალეზე და ევროპულ ბაზრობაზე ქართული სტენდით წარდგება. მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და დამოუკიდებელი ქართული კინოს საჭიროებების გაჟღერება კინოინსტიტუტმა წელსაც ბევრი ადამიანის ძალისხმევის, წევრების დონაციისა და ფონდის მოკრძალებული მხარდაჭერის შედეგად შეძლო.

დღეს 450-ზე მეტი ქართველი კინემატოგრაფისტი ბოიკოტშია ეროვნულ

კინოცენტრთან – ერთადერთ საჯარო სტრუქტურასთან, რომელიც ქართულ კინოს აფინანსებს. ამ გარემოების ფონზე, საქართველოს კინოინსტიტუტისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის განმტკიცება, თანამშრომლობისა და პროექტების დაგეგმვის ალტერნატიული შესაძლებლობების ძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმართება შეხვედრები საერთაშორისო კინოფესტივალების წარმომადგენლებთან, ევროპულ კინოფონდებთან, საპროდიუსერო კომპანიებთან და გაყიდვების აგენტებთან, რომელთაც წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა აქვთ.

ბერლინალეზე ქართული სტენდის მოწყობის მიზანია, გაიზარდოს სფეროს საერთაშორისო პროფესიონალების ნდობა კინოინსტიტუტის მიმართ, რაც თანამშრომლობის ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს გამოკვეთს. შედეგად, კინოინსტიტუტი თავისი საქმიანობით შეძლებს, გაზარდოს ცნობადობა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მეტად გააძლიეროს დამოუკიდებელი ქართული კინო, დაიცვას კინოპროფესიონალების ინტერესები და ხელი შეუწყოს ქართული ფილმების პოპულარიზაციას.

სიახლეები

მულტიმედია