ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში, შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.
იურიდიული დახმარების ქსელი 12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით აამოქმედა. ქსელის ფარგლებში, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამ დრომდე, ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს მათ როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე, მათი დიდი უმრავლესობის უფლებები დაიცვეს სასამართლო პროცესებზე. ამასთან, სამართლებრივი დახმარების ქსელი 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში და განახორციელა სასამართლო წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმეების ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც განხილვის ეტაპზეა. ქსელის ადვოკატები აგრძელებენ აქციების დროს დაზარალებული პირების უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებში. ქსელის საქმიანობის მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას ასევე უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო და აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში. ამ ეტაპისათვის, ქსელში შემავალი ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს დაწყებული აქვს მონიტორინგი სხვადასხვა საფუძვლით. პარალელურად, დაყადაღებულია სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ცალკეული ორგანიზაციების ანგარიშები და სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მათი ხელმძღვანელი პირები.
განხორციელებული რეპრესიული და ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედების შედეგად, ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა, შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი – ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი დარჩეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გარეშე და არსებული რესურსების გათვალისწინებით, კვლავ გავაგრძელებთ მოქალაქეების დაცვას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.