2019 წლის ზაფხულში ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციები დაიწყო. ამ პროცესის საპასუხოდ ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით საგარეო პოლიტიკაზე მომუშავე ხუთმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ერთობლივი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს აღმოსავლეთის პარტნიორობა ისე, რომ მან მონაწილე ქვეყნების მოლოდინი გაამართლოს.
“წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავია და ეს პროცესი ძალიან ბევრის მომტანი იყო საქართველოსთვის ახალგაზრდების განათლების, გაცვლითი პროგრამების, კულტურული გაზიარების, ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების ხელშეწყობისთვის. ამავე დროს სამწუხაროა, რომ ამ დროის მანძილზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს დემოკრატიული პროცესის უზრუნველყოფა- მართლმსაჯულების განვითარება და სხვა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარება”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი.
წარმოდგენილი დოკუმენტი, განსაკუთრებული აქცენტებით საქართველოზე, პასუხობს საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს: როგორ უნდა შეუწყოს ხელი ევროკავშირმა საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას, ლეგალურად დასაქმებას ევროპაში, განათლების რეფორმას, კანონის უზენაესობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და მოსახლეობის ინფორმირებას პარტნიორ და ევროპის წევრ ქვეყნებში.
დოკუმენტი იმ რეალურ მიღწევებს აღწერს, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობამ მოიტანა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არარეგულარული მიგრაცია ე.წ. „ტვინების გადინების“ პროცესი, ევროსკეპტიციზმისა და პოპულიზმის მზარდი ტენდენცია, რომელსაც ემატება რუსეთის პირდაპირი და ირიბი გავლენები. და მაინც, სწორედ ეს გამოწვევები ხდის ევროინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და ევროკავშირის მხრიდან ნათელ და ერთიან პასუხს მოითხოვს. აღმოსავლეთ პარტნიორობა როგორც პოლიტიკური პროექტი ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მხრიდან მნიშვნელოვან ინვესტიციას საჭიროებს. აღნიშნული ინვესტიციები უნდა ჩაიდოს როგორც ინდივიდებში, ასევე ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.
წარმოდგენილი დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა უსაფრთხოების და ევროკავშირის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტების რეგულირების სფეროში. ვაჭრობასა და ენერგეტიკის პოლიტიკაში ინვესტირება შესაძლოა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა გახდეს.
ასევე მნიშვნელოვანია, გაცხადდეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იმისათვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესს დამატებითი დამაბრკოლებელი ბარიერი მოეხსნას. უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების ხელშეკრულების სახით საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ყველა ის სარგებელი მიიღეს, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ითვალისწინებდა და მათთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭება ახალ ძალას მისცემდა ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში საჭირო რეფორმების განხორციელებას.
დოკუმენტი საზოგადოებას 16 დეკემბერს წარედგინა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.
დოკუმენტის ავტორი ორგანიზაციები: რონდელის ფონდი; ლევან მიქელაძის ფონდი; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი; საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).
მედია ამ თემაზე:
ონ.ჯი – აღმოსავლეთ პარტნიორობას მნიშვნელოვანი ინვესტიციები სჭირდება — ფონდ ღია საზოგადოების დოკუმენტი, 16.12.2019