აღმოსავლეთის პარტნიორობის შედეგები და ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობა

30.11.2017

30 ნოემბერს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შედეგებზე იმსჯელეს ხელისუფლების, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს სამომავლო ვალდებულებები ევროინტეგრაციის გზაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან ევროკავშირის წევრობამდე”  და მოუწოდეს მთავრობას, რომ საქართველოს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყოვლისმომცველი უწყებათაშორისი საგზაო რუკის შემუშავება დაიწყოს. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორი ქეთი ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი,  ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ლევან დოლიძე.

24 ნოემბერს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართა, სადაც სამიტის დეკლარაცია იქნა მიღებული. სამიტი ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და თავს უყრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს. სამიტზე მიღებული დეკლარაციის მიხედვით აღმოსავლეთ პარტნიორობა ხელს უწყობს მონაწილე ქვეყნებს დაუახლოვდნენ ევროკავშირს; დეკლარაციის მიხედვით ევროკავშირი აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს, ასევე ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების ახალი ინსტრუმენტის  შექმნაზე და წარმოადგენს 20 სარგებელს, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ეტაპობრივად მიიღებენ 2020 წლამდე (ე.წ. deliverables 2020).

მნიშვნელოვანია, რომ სამიტის წინ საქართველომ და ევროკავშირმა დაამტკიცეს ასოცირების დღის წესრიგი 2017-2020 წლებისთვის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით შემუშავდა.

სამიტის წინ ევროკავშირმა ასევე გამოაქვეყნა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების  ანგარიში, სადაც საქართველო წარმოდგენილია, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა თუმცა იქვე არის ჩამონათვალი იმ რეფორმებისა, რომელიც საქართველოს უნდა განეხორციელებინა და ამ დრომდე არ არის დასრულებული. მაგ:  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, მედია თავისუფლება, შრომის სტანდარტები, გარემოს დაცვა,  ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატანი ცვილილებები, მოსამართლეთა დანიშვნის გამჭვირვალობა და სხვ.

13 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა წარმოადგინა სამთავრობო სტრუქტურის რეფორმირების გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი ხდება და ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესს სწორედ აღნიშნული უწყება გაუწევს ზედამხედველობას.

 

 

NEWS

MULTIMEDIA