8-11 დეკემბერს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით ‘ამბის თხრობა და მოსმენა’.
ტრენინგს 22 მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც მარგინალურ ჯგუფებს წარმოადგენენ: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ყოფილი წამალდამოკიდებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ლგბტ, აივ/შიდსით და C ჰეპატიტით ინფიცირებულები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტები და სხვა.
ტრენინგი ჩაატარეს ორგანიზაცია ‘Narativ’-ის წარმომადგენლებმა ბენიფერ ბადამ და ანასტასია ბეზვერხამ. 3 დღის მანძილზე მონაწილეებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოყვნენ საკუთარი ამბავი სწორად, როგორები უნდა იყვნენ მსმენელის როლში და როგორ შეიძლება ისინი დაეხმარონ საზოგადოებას მათი ამბის სწორად მოყოლით.
„მე არასოდეს, არცერთ ტრენინგზე არ მიმიღია ისეთი ემოცია რაც ამ 3 დღის მანძილზე მივიღე. ისე ცხადად დავინახე თუ რას განიცდიან ადამიანები, როდესაც ისინი საზოგადოების მხრიდან არიან სტიგმატიზირებულნი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმაზე დაკვირვება, თუ როგორ შეიცვალნენ ეს ადამიანები უკვე მეორე დღეს. ადამიანები, რომლებიც არაფერს ლაპარაკობდნენ და მანამდე არასოდეს არავისთვის მოუყოლიათ საკუთარი ამბავი, მზად არიან მიიღონ ფილმებში მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარონ.”- ამბობს ნინო კიკნაძე, ტრენინგის ორგანიზატორი და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ წარმომადგენელი.
ტრენინგის შედეგად რვა მონაწილე შეირჩა, რომლების კამერის წინ საკუთარ ისტორიებს მოყვებიან. ფილმები 3-5 წუთიანი იქნება და მათ სოციალური და ტრადიციული მედიის დიდი აუდიტორია ნახავს.