“ან დამინგრევენ, ან გადავრჩები” – სახლის შენება ალალბედზე

27.12.2021

ავტორი: თამარ ჩქარეული

I-“ან დამინგრევენ, ან გადავრჩები”

ლითონის გახვრეტილი სახურავიდან ზამთრის ცა ჩანს. კედლები შიშველი ბეტონია, იატაკი – ცივი ქვა. არადა, ეს არ გახლავთ მშენებარე სახლი აქ  – ქალაქის განაპირას, აფრიკის დასახლებაში, ატალახებული გზის ბოლოს, თვითნებურად აშენებულ სახლში მთელი ოჯახი ცხოვრობს.

“მჯერა, პირადად რომ მოვიდნენ მერიიდან და ნახონ, რა პირობებში ვართ, დამიკანონებენ ამ სახლს” – ამბობს ცირა ფეიქრიშვილი. მაგრამ მერიიდან აქ მხოლოდ სახლების დასანგრევად მოდიან.

ის აფრიკის დასახლებაში ნგრევის დროს ერთ-ერთი “გადარჩენილი” მაცხოვრებელია. 2020 წლის 15 დეკემბრის დილას, თბილისის განაპირას, რკინა-ბეტონის ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე შესახლებულებს გარეთ ბულდოზერები დახვდათ. დაახლოებით 2 საათში კი მათი ნაწილის სახლები მიწასთან გაასწორეს. დემონტაჟის პროცესს ასობით პოლიციელი იცავდა – მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

16 დეკემბერს თბილისის მერმა განაცხადა, რომ არცერთ დანგრეულ შენობაში არ უცხოვრიათ ოჯახებს, მათი ნაწილი კი უსახლკარო არ ყოფილა, ვინაიდან საკუთრებაში ჰქონდათ  რეგისტრირებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. თუმცა, ამ განაცხადის დამამტკიცებელი საბუთი არც საჯაროდ წარუდგენია და არც სახალხო დამცველისთვის გადაუცია, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის ანგარიშში აღნიშნავს. რა იცოდა მერიამ აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობების მეპატრონეების შესახებ, შეისწავლა კი სათანადოდ მათი ცხოვრების პირობები?

ვალერიან სოლომნიშვილი, რომელიც ქარხნის შენობაში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დაახლოებით რვა წელი ცხოვრობს, ამბობს, რომ არა. არც წერილობითი გაფრთხილება მოსვლიათ – პირდაპირ შემოვიდნენ და ოჯახის თვალწინ დაანგრიეს მშენებარე სახლი. ოჯახს გაფართოება დასჭირდა, მაგრამ სახლის გადახურვა და ნივთების შეტანა ვერ მოასწრეს.

ტერიტორიაზე ახლა რამდენიმე “გადარჩენილია”, ასე ეძახიან თავს ის მაცხოვრებლები, რომელთა პატარა, ბლოკით და ფიცრებით აწყობილი სახლები ყოფილი რკინა-ბეტონის ქარხნის ტერიტორიაზე ახლაც დგას. ერთ-ერთი ასეთია ცირა ფეიქრიშვილის ოჯახი. 30 წლის ცირა მარტოხელა დედაა და სამ ქალიშვილთან, 13 წლის ლიზასთან, 5 წლის ანასტასიასთან და  6 წლის მარისთან ერთად, ბოლო ორი წელია, რაც აქ ცხოვრობს. წყალი შლანგით აქვს შემოყვანილი, დენი – მეზობლისგან გადმოყვანილი. ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები სულ ამით ამოიწურება. ცირას მამა კასპში, ბლოკის ცეხში მუშაობს.  სახლისთვის მასალა მისი დახმარებით იშოვეს. თანხით ნათესავები დაეხმარნენ. ცირას სხვა წასასვლელი, უბრალოდ, აღარ ჰქონდა. თბილისში ქირას ვეღარ იხდიდა. მას მერე, რაც მეუღლეს გასცილდა, შემოსავლის წყარო საერთოდ დაკარგა. ადრე მკერავად მუშაობდა, მაგრამ პატარა ბავშვების გამო სამსახურის მიტოვება მოუხდა. ამჟამად მათი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, თვეში 540 ლარი, რომელსაც საჭმელზე და შეშაზე ანაწილებენ, ზოგჯერ კი, სოფლიდან გამოგზავნილი პროდუქტით გააქვთ თავი.

“კი, ვიღებდით გაფრთხილებებს” – იხსენებს ცირა ნგრევის წინა თვეებს. “მაგრამ რა უნდა გვექნა, ვერ წავიდოდით, უბრალოდ, სხვაგან, ქირას ვერ ვიხდიდით.”

ცირა ირწმუნება, რომ მასთან არავინ მოსულა – არც დემონტაჟამდე და არც მის შემდეგ არ შემოუთავაზებიათ ალტერნატიული საცხოვრებელი, არ უნახავთ, რა პირობებში უწევს სამი შვილის გაზრდა.

არ შეხებიან არც ილია ბოსტოღანაშვილის დაახლოებით 5 კვადრატრული მეტრის პატარა ფაცხას. ილიასაც ცირას მსგავსი ისტორია აქვს – მარნეულის რაიონიდან ჩამოვიდა, რომ გაჭირვებას გაქცეოდა, და მშენებლობებზე დამხმარედ დაიწყო მუშაობა. ასე გაიცნო “მეგობარი”, რომელმაც  აქ დაასახლა. ნგრევის დღეს ილიამ მუშებს მთელი თავისი ქონება ანახა – ერთი საწოლი, ერთი სავარძელი, კარადა, მაგიდა, ურიკა და ვარდების პატარა ბაღი სახლის უკან.  ილიას უნდა, ბლოკები მოაგროვოს და ცოტათი გაფართოვდეს, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია, გაბედოს თუ არა.  “რა ვიცი, ბოლოს მაინც ავაშენებ და თუ დაანგრევენ, დაანგრიონ რა” – ხელს იქნევს.

აქ სახლების უმეტესობა ასე აშენდა. როცა ცირას ვეკითხები, თქვენი მეზობლები ვინ იყვნენ- მეთქი, “ჩვენნაირი გაჭირვებული ხალხიო”, მპასუხობს.  აქ ყველას ქირის პრობლემა ჰქონდა. ყველამ, გაფრთხილებების მიუხედავად, ალალბედზე, მაინც ააშენა. იქნებ გამართლებოდათ, მოესწროთ და ნივთები თუნდაც პირდაპირ შავ კარკასში შეეტანათ.  მერე იმ ფულით, რასაც ქირაში აღარ გადაიხდიან, ერთ ღუმელს დადგამენ და ზამთარს ასე გადააგორებენ.

მათი ქმედება, მკაცრი იურიდიული გამოსახედიდან, უკანონოა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტს ამ ადამიანებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი არ შეუთავაზებია. მარიამ ჯანიაშვილი, სოციალური სამართლის ცენტრის იურისტი, რომელიც აფრიკის დასახლებაში ოჯახებთან მუშაობდა, ამბობს, რომ სახელმწიფო საკითხს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით უყურებს: სახელმწიფო საკუთრებაში უკანონო მშენებლობას მოჰყვა გაფრთხილება და შემდეგ ნგრევა.

„მე შენ დაგაკმაყოფილებ საცხოვრისით და შენ ეს გამომითავისუფლე – ასეთი მოლაპარაკება არ მომხდარა.  მოადგნენ ბულდოზერებით. დაშინებული და ტერორიზებული აღმოჩნდნენ ის მაცხოვრებლებიც, რომელთა სახლებიც არ დაუნგრევიათ. ამან მოქალაქეებში გააჩინა შეგრძნება არა იმისა, რომ კანონი აღსრულდა, არამედ იმის, რომ სახელმწიფომ ისინი დასაჯა. მუნიციპალიტეტს უნდა გამოეკვლია, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები უსახლკაროები, დაკავშირებოდნენ ოჯახებს და მათთვის მისაღები ალტერნატივის ძიება დაეწყო. მერიას არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები ნამდვილად ფლობდნენ სხვა ტიპის საცხოვრისს.”

მარიამ ჯანიაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში დემონტაჟის პროცედურა გაწერილი არ არის. ის რაც აფრიკის დასახლებაში მოხდა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გამოსახლების ტოლფასია. ამაზე მიუთითებს, მაგალითად, გაეროს კომიტეტის მეოთხე და მეშვიდე ზოგადი კომენტარი ადეკვატური საცხოვრისის უფლებასა და იძულებით გამოსახლებაზე და იმასაც განმარტავს, რომ თუ გამოსახლება გარდაუვალია, სახელმწიფომ ალტერნატიული საცხოვრისი უნდა შესთავაზოს მოსახლეებს.

კანონმდებლობა მოქალაქეებს უკანონო მშენებლობების დაკანონების გზებსაც სთავაზობს. ერთი ასეთი გზაა  საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის მიმართვაა. ამ გზას აფრიკის დასახლების ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა ცირა ფეიქრიშვილმა მიმართა. სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, ცირა მესაკუთრედ ვერ ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია ნებისმიერ დროს მოვიდეს და ჯარიმა დააკისროს. ცირა უკვე  70 000 ლარითაა დაჯარიმებული.

აღიარების კომისიის მიერ განცხადების განხილვის ვადა 3 თვეა, მაგრამ თუ ამ დროში პასუხი არ მოვიდა, განმცხადებელმა ან უნდა გაასაჩივროს, ან უნდა განხილვამდე იცადოს.  პრაქტიკაში, კომისია ვადაში იშვიათად ეტევა.

2018 წელს საქართველომ სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების ვალდებულება აიღო, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ბოლომდე უნდა შემუშავებულიყო საცხოვრისის სახელმწიფო სტრაგეგია და სამუშაო გეგმა. ამ გეგმაში, სწორად შემუშავების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს უსახლკაროთა რაოდენობის აღრიცხვა – (რაც საქართველოში ჯერ არასდროს ჩატარებულა), ასევე, შესაბამისი სერვისების ჩამოყალიბების მექანიზმები და ფინანსური რესურსები. ვალდებულების შესრულების ვადა 2021 წლის მარტში ამოიწურა, ის კი დღემდე შეუსრულებელია.

II – ერთი წლის შემდეგ,ვისია მიწა აფრიკაში?

დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს სისტემატურად გააქვს აუქციონზე გასაყიდად. ბევრ მათგანზე  ჯერ დაუმთავრებელი კარკასები დგას ან მშენებლობა მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მიწები იყიდება. გაიყიდა აფრიკის დასახლებაშიც – რკინა-ბეტონის ქარხნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი. გარშემო მაცხოვრებლებს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან: ეს ტერიტორია კერძო ყოფილა და აბა რა ეგონათ, აქ რომ აშენებდნენო. თუმცა, სინამდვილეში, აფრიკის დასახლებაში, 60282 კვადარტული მეტრის ტერიტორია გამოსახლების პროცესების დაწყების შემდეგ გახდა კერძო. სახელმწიფომ ამ ტერიტორიიდან ჯერ სახლის მაშენებლები გაასახლა, მერე, სულ რაღაც 6 თვეში,  3 ივნისს, , მაშინ, როდესაც, ნაკვეთების ნაწილზე ჯერ კიდევ იდგა უსახლკაროთა სახლების ნანგრევები, მიწა  აუქციონის ფორმით გაასხვისა.  “ქვემო ალექსეევკას დასახლებაში, ნავთისხევში არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობანაგებობები 18 ივნისს, ერთი – 5000 ლარიანი ბიჯით გაიყიდა, 1 მლნ. 425 000 ლარად. ტერიტორია  კერძო კომპანიამ, შპს ალფამ შეიძინა. ეს კომპანია 2020 წლიდან ორ პარტნიორს – ზაურ გაბაიძესა და რამინ დავითაძეს – თანაბრად ეკუთვნის. ორივე მათგანი მსხვილი ბიზნესმენია – ზაურ გაბაიძე სამშენებლო მასალებით მოვაჭრე კომპანიის, „ზოდის“ მესაკუთრეა, ამასთანავე, რამინ დავითაძესთან ერთად, საშენი მასალების მეორე კომპანიის, “ლაიმსთოუნ ჯორჯიის” მეწილეა. რამინ დავითაძეს და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით შპს “პარკ რეზიდენსი”. რამინ დავითაძე მმართველი პარტიის შემწირველიცაა – ქართულ ოცნებას მას ორჯერ შესწირა თანხა: 2021 წლის სექტემბერში  60 000 ლარი (მაქსიმუმი) და 2020 წლის 11 ნოემბერს – 40 000 ლარი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რა გეგმები აქვს შპს ალფას აფრიკის დასახლებაში. ელექტრონული აუქციონის აღწერილობაში ტერიტორიის შესაძლო ფუნქციად “სამრეწველო, სასაწყობეა” მითითებული. ახლა აქ თუ გაივლით, მხოლოდ ერთი წლის წინ  დანგრეული შენობების ნაშთებსა  და რამდენიმე “გადარჩენილ” სახლს ნახავთ.

III – არაერთგვაროვანი პოლიტიკა

აფრიკის გარდა, უკანონო მშენებლობები  ქალაქის სხვა უბნებშიც მიმდინარეობს, მაგრამ მუნიციპალიტეტი მათზე განსხვავებულად რეაგირებს.

“უკანონო მშენებელთა” ერთი ნაწილი  მუდმივად იღებს გაფრთხილებებს და მათ აშენებულ კარკასებსა თუ საცხოვრისის ნაწილს უნგრევენ; სხვები კი აგარაკებსა და კეთილმოწყობილ სახლებს თამამად აშენებენ.

წამოწყებული და მიტოვებული მშენებლობა ელიას მთაზე

ასეთია, მაგალითად ელიას მთის ტერიტორია. აქ უკვე წლებია, რაც უკანონოდ აშენებულ აგარაკებში, მდიდრულ სახლებში ცხოვრობენ,  გვერდით კი ახლებსაც აშენებენ. ეს გალავნით გარშემორტყმული, მდიდრული კერძო სახლებია, დედაქალაქზე ხედით, ინფრასტრუქტურითა და გზით. თუ ელიაზე სასაფლაოს მიმდებარე ცარიელი ტერიტორიის განვითარებას წლების მიხედვით დავაკვირდებით, დავინახავთ რომ  2016 წლის მაისში ეს ადგილები დაუსახლებელი იყო, განაშენიანება აქ ნოემბერის თვიდან იწყება და პირველი ორი სახლიც ჩნდება.

2019-ში აქ უკვე მთელი პატარა უბანია:

2020-21-ში ფაქტობრივად უცვლელი მდგომარეობაა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა  ეზოში  აუზისთვის მიწა ამოთხარა, რაც ნამდვილად არ ჰგავს იმ ადამიანის ქმედებას, ვინც ფიქრობს, რომ გაასახლებენ.

ამ სახლების მეპატრონეები დაკანონების იმავე გზას მიჰყვნენ, რასაც ცირას ოჯახი. რეესტრმა მათი მართლზომიერი მფლობელობა ვერ დაადგინა – ეს იმას ნიშნავს, რომ  2007 წლამდე მეპატრონეების მიერ ამ მიწის  ფაქტობრივად ფლობაზე დასტური არქივში ვერ მოიძებნა. (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ 2007 წლამდე აშენებულ სახლზე მართლზომიერი მფლობელობა დადასტურდა, ნაკვეთის დაკანონება შესაძლებელია. თუკი ასე არ მოხდა, საქმე უფლების აღიარების კომისიას გადაეცემა).  ამ პროცესის განმავლობაში სახლები შენდება და შენდება. ელიას მთაზე, სახელმწიფოს მიერ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის არც ართი შემთხვევა არ ყოფილა;

აფრიკის დასახლებისა და ელიას მთის უბნის შემთხვევები არაერთგვაროვანი მიდგომის მხოლოდ ერთი მაგალითია.

დასასრულს

აფრიკის დასახლების შემთხვევიდან ერთი წლის თავზე მერიამ კვლავ განაახლა საუბარი უკანონო მშენებლობაზე. 16 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა, რომ მერიას აქვს კონკრეტული მისამართები და ინსპექციის სამსახურის უფროსს კახა გულედანს პირადად მოუწოდა, მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა “გარკვეულ ვადებში თავადვე მოახდინონ დემონტაჟი”.

მერის ინფორმაციით, საცხოვრისის პრობლემა 400-მდე ოჯახს აქვს და ისინი სათანადო საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილნი. თუმცა განცხადებაში ისიც თქვა, რომ საცხოვრებელ ფართს “უსახლკაროს სტატუსის მქონე ადამიანები” მიიღებენ. 2015 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიამ თბილისში 4491 ოჯახის განაცხადი მიიღო, რომელთაგან განიხილა 2861 და 581 ოჯახი ცნო უსახლკაროდ. რეგისტრირებულებიდან  თავშესაფრით მხოლოდ 157 პირის განცხადება დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო განაგრძობს უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ სადამსჯელო პოლიტიკის გატარებას, მათი სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაცვლად. მათ, ვინც აფრიკის დასახლებაში საცხოვრებლის დემონტაჟს გადაურჩა, არც მანამდე არც მერე მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული შეთავაზება არ მიუღიათ. საცხოვრისის პრობლემის გადაუჭრელობის გამო,  ჩატარებული დემონტაჟის მიუხედავად, აქ და გარშემო ტერიტორიაზე, სახლები ზუსტად ისეთი სასოწარკვეთით შენდება, როგორც ერთი წლის წინ. ეს პროცესი, სახელმწიფოსთვის ვერ გახდა ნიშანი იმისა, რომ პრობლემას განსხვავებული გადაწყვეტა სჭირდება. სოციალურად დაუცველთა უსახლკარო ყოფას არ დაუბრკოლებია მუნიციპალიტეტი, გაეყიდა აფრიკის დასახლების ტერიტორია კომერციული მიზნებისათვის. თანაც  ისე, რომ არავინ დაინტერესებულა, რა გავლენას მოახდენდა ეს  მაცხოვრებლებსა და იმ ადამიანებზე, რომელთა მთავარი თავშესაფარი ამ მიწებზე დღემდე დაუმთავრებელ მდგომარეობაშია. ამასობაში ელიას მთაზე მორიგი კერძო სახლის, ან აგარაკის შენება დასრულდება. სახლებს აქაც უკანონოდ აშენებენ, თუმცა, აფრიკის დასახლებისგან განსხვავებით, მშენებლობის ხარისხსაც და საცხოვრებლების  ინფრასტრუქტურასაც ეტყობა, რომ აქ მცხოვრებნი ხვალინდელ დღეზე არ წუხან. როგორც ჩანს, ამ უბანში მაცხოვრებლებს არ ეხებათ მერიის განცხადებაში გაჟღერებული მუქარა, საცხოვრისების მშენებლობის “კრიმინალური საქმიანობის” აღკვეთის შესახებ; ამასთან, აფრიკის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, მერიას არც ის გაურკვევია,  აქვთ თუ არა ელიას მთაზე უნებართვო საცხოვრისების მფლობელებს  საკუთრებაში, ალტერნატიული “2-3 საცხოვრებელი ბინა,  რეგიონებში ჰექტრობით მიწები და სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა”. არადა  სწორედ ეს კრიტერიუმებია, რომელთა გამოც აფრიკის მოსახლეობა არა უსახლკარო, არამედ ფართის მიტაცების მსურველებად მოიხსენია თბილისის მერმა თავის საჯარო მიმართვაში. სტაბილური და ნგრევისგან თავისუფალი ყოფა სახელმწიფო მიწაზე, რაც ელიას მთის მაცხოვრებელთა პრივილეგიაა,  აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებისთვის მიუწვდომლად რჩება.

###

სტატია მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას.