სოციალური აგენტების დაანონსებული გაფიცვა დროებით შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ არ აკმაყოფილებთ შეთავაზება, რომელიც ხელფასის 150 ლარით გაზრდას და სამუშაო კონტრაქტების წლის ბოლომდე ვადით დადებას გულისხმობს. გადაწყვეტილების მიხედვით, ისინი საგაფიცვო რეჟიმში რჩებიან და თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განაგრძობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს. სოციალური აგენტები მთავრობას ვადას აგვისტოს ბოლომდე აძლევენ. გადაწყვეტილება გაფიცვის შეჩერების თაობაზე სოციალური აგენტებისა და პროფკავშირების საერთო კრებაზე 2 ივლისს შუადღისას მიიღეს. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ კი სოციალური აგენტების მდგომარეობასა და მოთხოვნებზე საუბრისას ღია საზოგადოების ფონდის პროექტის კოორდინატორმა ანანო ცინცაბაძემ განაცხადა, რომ ბევრი სოციალური აგენტი თავადაა სოციალურად დაუცველი:
„ბევრი სოციალური აგენტი თვითონ არის სოციალურად დაუცველი. მას თვითონ სჭირდება დახმარება, იმდენად მიზერულია მათი შემოსავალი“
აღნიშნა ანანო ცინცაბაძემ. მისი თქმით, სახელმწიფო, რომლისგანაც საზოგადოება შრომითი უფლებების ღირსეული სტანდარტების დაწესებას ელოდება, როცა თვითონაა დამსაქმებელი, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვა დამსაქმებლებისა და ორგანიზაციებისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. კონკრეტულად სოციალურ აგენტებზე საუბრისას ანანო ცინცაბაძემ განაცხადა, რომ თავად სოციალური აგენტების თანახმად, 13 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მცირედითაც კი არ გაუუმჯობესებია მათი მდგომარეობა:
არასდროს სამინისტროს არ ჰქონია მცდელობა, რომ გაეუმჯობესებინა ამ ადამიანების პირობები მიუხედავად იმისა, რომ ვიცით როგორ ძვირდება ყოველდღიურად ცხოვრება. 13 წლის წინანდელი არსებული ხელფასებით ეს ადამიანები ცდილობენ თავის გადარჩენას და რაღაცა გარკვეული დროის შემდგომ უკვე დადგა ეს საპროტესტო განწყობა, რომელიც ბუნებრივია დადგებოდა, როდესაც უცვლელად გაქვს ძალიან მძიმე სამუშაო პირობები“, -განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ანანო ცინცაბაძემ. მისი თქმით, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტრომ არც სოციალური აგენტების საპროტესტო განწყობის შექმნის შემდეგ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები:
„საპროტესტო განწყობების შექმნამაც ავტომატურად არ უზრუნველყო ის, რომ შეშფოთებულიყო სახელმწიფო. სოციალური აგენტების პროფკავშირი აცხადებს, რომ მათ არაერთი მცდელობა ჰქონდათ წამოეყვანათ სახელმწიფო მედიაციაზე, მოლაპარაკებაზე, მათ დაიცვეს კანონით განსაზღვრული ყველა პროცედურა, მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის მოთხოვნით, მაგრამ რაღაცა კონკრეტული ძალიან ტექნიკური მიზეზების გამო სამინისტრო უბრალოდ არ რთავდა მედიატორს. პირველი მედიატორი პირველ ეტაპზე ჩართული იყო, მაგრამ დავა ვერ მოგვარდა, რაც აუცილებლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ სამინისტრო არ იჩენდა საკმარის პოლიტიკურ ნებას დავის მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ყველა გაფიცვას ჩვენს ქვეყანაში, ამ გაფიცვასაც თან სდევდა ძალიან მავნე პრაქტიკა ცალკეულ გაფიცულებთან ან ცალკეულ აგენტებთან, ცალკეულ დასაქმებულებთან მოლაპარაკებისა, სადაც, როგორც წესი, დამსაქმებლები ცდილობენ გატეხონ წინააღმდეგობა, რომელიც დაგროვდა, რომელიც შეიქმნა და ისინი ცდილობენ, რომ ცალკეულ თანამშრომლებთან გარკვეული პირობების შეთავაზებით, დაეშალათ ეს წინააღმდეგობა, დაეშალათ ეს გუნდი და მოლაპარაკება შემდგარიყო არა ისე, როგორც ამას კანონი ითხოვს, არა მედიაციის ფარგლებში, არამედ გარკვეულ დახურულ კარს მიღმა. იყო ასეთი მოლაპარაკების რამდენიმე ფაქტი, რომლებზეც დარჩენილ სოციალურ აგენტებს ვინც გაფიცვაში მონაწილეობდა არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ“, – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ. მისი შეფასებით, სოციალური აგენტების წინააღმდეგობა მარტივად არ „გატყდა“. ანანო ცინცაბაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალური აგენტისთვის შეთავაზებული ხელფასის ოდენობა, 250 ლარი ვერ ფარავს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სოციალური აგენტები აყენებდნენ. კერძოდ, მათი მოთხოვნა იყო საარსებო მინიმუმის ოდენობის ხელფასი, მასზე დამატებული სატრანსპორტო ხარჯები და მუდმივი შრომითი კონტრაქტების გაფორმება. მთავრობის გადაწყვეტილებით კი 1 ივლისიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და 250 ლარი შეადგინა, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება და 550 ლარი შეადგინა. 6 თვით, წლის ბოლომდე გაიზარდა შრომითი ხელშეკრულებების ვადებიც, მომავალი წლიდან კი სოციალური აგენტების ნაწილს ერთწლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ.
„მათ მოთხოვნებს ეს 250 ლარი ვერ ფარავს, ისინი ითხოვდნენ 360 ლარს, თუ არ ვცდები. წარმოიდგინეთ ეს სოციალური აგენტების და სოციალური მუშაკების შემთხვევაშიც ასე იყო, რომ სამინისტრო სატრანსპორტო ხარჯებს აწერდა, ასე ვთქვათ, მათ სახელფასო ანაზღაურებას. ე.ი. სატრანსპორტო ხარჯი გამოითვლებოდა და გამოაკლდებოდა მათ სახელფასო ანაზღაურებას…ისინი მოითხოვდნენ რომ ხელფასი უნდა იყოს ცალკე და სატრანსპორტო და სხვა დანახარჯები ცალკე. ამ ადამიანებს აქვთ ხარჯი, ვინაიდან მთელი დღე არიან ფაქტიურად გარეთ ქუჩაში და ამ ხარჯების ანაზღაურებას ისინი ითხოვდნენ ისე, რომ არ ჰქონოდა მათ ხარჯებს გავლენა მათ ხელფასზე“, – აღნიშნა ანანო ცინცაბაძემ.
მისი თქმით, ღირსეული შრომა სამართლიანი მოთხოვნაა, სახელმწიფოს შეთავაზება სოციალური აგენტებისთვის კი არ შეესაბამება ღირსეული შრომის პირობებს:
„როგორ ვთქვათ, რომ ან 360 ლარია ისეთი ანაზღაურება, რომლითაც დავმშვიდდებოდით და ვიტყოდით, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს ის მინიმუმი, რასაც ითხოვდნენ. არც ის არის, მაგრამ მათ გათვალეს, რომ ამ პირობებში, გაძვირებული ცხოვრების პირობებში ეს მაინც იქნებოდა რაღაცა ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მათთვის“, – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ. მისი შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბრძოლა ყოველთვის უმჯობესია ერთად, კოლექტიურად და გარკვეული გაერთიანების ქვეშ:
„ის რომ სამინისტროსთვის ეს არ იყო ბუნებრივი პროცესი და არ იყო მიმდინარე პროცესი ისიც მეტყველებს, რომ სამინისტრომ არაერთხელ სცადა ამ პროცესში თავად პროფკავშირის დისკრედიტაცია. სოციალური აგენტებისგან, მაგალითად ვიცით, რომ მოლაპარაკების პროცესში სამინისტრო თანხმდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროფკავშირი არ იქნებოდა ჩართული. პროფკავშირი ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არის კოლექტიური დავის მხარე, ეს ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი და მეორე არგუმენტი, პროფკავშირმა წარადგინა ჯანდაცვის სამინისტროში მოთხოვნა მედიაციის დასაწყებად და ვისთან უნდა დაჯდეს სამინისტრო მოლაპარაკებაზე, თუ არა პროფკავშირთან რომელიც მოლაპარაკებას ითხოვს? სხვა ვინ უნდა იყოს მხარე?“- აღნიშნა ანანო ცინცაბაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა დასაქმებულებისგან და მოლაპარაკებების პროცესისგან პროფკავშირების გარიყვისა, არის პროფკავშირების დისკრედიტაციის მცდელობა და კანონდარღვევა.
რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან ასევე ისაუბრა შრომის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე და სოციალური სახელმწიფოს მნიშვნელობაზე.
„საქართველო არის უკვე სოციალური სახელმწიფო ფურცელზე, ის აღიარებს რომ არის სოციალური სახელმწიფო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ამიტომ უნდა გამოფხიზლდეს ქართული სახელმწიფო და მისი ხედვები მიაბრუნოს ხალხისკენ ის გახდეს უფრო სოციალური და სოციალური პრობლემები გახდეს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და წინწამოწეული“, – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ „დილის საუბრებში“.