ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი. კვლევაში წარმოჩენილი ტენდენციები და მიგნებები დაფუძნებულია აღნიშნულ პერიოდში პარტნიორი ორგანიზაციების (“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)”, “უფლებები საქართველო” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი”) მიერ გაწეულ სამართლებრივ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე. დოკუმენტში გაანალიზებულია, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას გამოყენებული ძალის პროპორციულობა და უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობა.
ანგარიშის თანახად, საპოლიციო ძალა სულ უფრო ხშირად გვევლინება პროცესების მართვის წამყვან მექანიზმად, როგორც პოლიტიკური კრიზისების დროს, ისე სხვადასხვა სოციალურ საკითხთან დაკავშირებულ კონფლიქტებში. გაანალიზებული საქმეებიდან გამოიკეთა, რომ ხშირ შემთხვევაში, აქტივისტების დაკავება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შაბლონური საფუძვლებით, თვითნებურად ხდებოდა; არაეფექტურია დაკავების კანონიერების შემოწმების არსებული მექანიზმიც, ვინაიდან სასამართლოს მიერ პირის სამართალდამრღვევად ცნობა, მისი დაკავების კანონიერების შეფასების გარეშე ხდება;
ფორმალურ ხასიათს ატარებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო განხილვებიც, სადაც გადაწყვეტილებები ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე, შაბლონურად, კონვეირული წესით მიიღება. როგორც წესი, საქმეები უკიდურესად მცირე დროში, ობიექტური შეფასებისთვის საჭირო და აუცილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში განიხილება. Ანგარიშის თანახმად, ბუნდოვანი და ადამიანის უფლებების სტანდარტებისგან დაშორებული კანონმდებლობა, სამართალდამცავი ორგანოების დაბალი ანგარიშვალდებულება და არაეფექტიანი სასამართლო კონტროლი, მთლიანობაში ქმნის ფართო არეალს საპოლიციო თვითნებობისთვის.
ანგარიშის წარდგენა მოხდება მედიისთვის, სამუშაო ფორმატში, სადაც დასახელებული ხუთი ორგანიზაციის (“სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI),” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)”, “უფლებები საქართველო” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი”) წარმომადგნელები ისაუბრებენ დოკუმენტში წარმოჩენილ ძირითად ტენდენციებსა და პრობლემურ ასპექტებზე.
ანგარიში მომზადდა პროექტის – „იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.