გვინდა გამოვეხმაუროთ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ იმ სამართლებრივ უზუსტობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაუშვა. კერძოდ, “საქართველოს საჯარო სამსახურის” ახალი კანონის შესაბამისად, რომელიც 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება არ ვრცელდება. შესაბამისად, ამ პოზიციაზე დასაქმებული პირები არ ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად. თუმცა, ასეთი შეცდომა ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საჯარო სამსახურისთვის, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს საჯარო მოსამსახურეთა აზრის გამოხატვის თვითშეზღუდვა, მათ შორის, პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან მიმართებით.
საჯარო სამსახურზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის პრობლემა საზოგადოდ ცნობილია. ეს გამოწვევა მთავრობამაც გააცნობიერა და 2014 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციაში ასახა, როგორც საჯარო სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. პოლიტიკური ზეგავლენა და წნეხი საჯარო მოხელეთა მოტივაციისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია და ამის მაგალითები საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად გვაქვს.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურე „პოლიტიკოსებზე არ საუბრობს”. პირველ რიგში, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი, რაც აბსოლუტურად მცდარი წარმოდგენაა ეთიკის წესებზე. ეთიკის წესები ემსახურება საჯარო მოსამსახურეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ანგარიშვალდებულად და ეფექტიანად შესრულების მიზანს და არა პოლიტიკოსების საჯარო მოსამსახურეთა კრიტიკისგან დაცვის მიზანს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეც არის პირი, რომელიც პოლიტიკოსს ირჩევს და სრული უფლება აქვს, მასზე საკუთარი აზრი გააჩნდეს.
ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მისამართით, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა. ასეთ შთაბეჭდილებას, შესაძლოა, აძლიერებდეს ისიც, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როდესაც ესა თუ ის საჯარო მოსამსახურე მათთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საჯარო სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, არამედ საჯარო სამსახურის მეტ პოლიტიზირებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჯარო მოსამსახურეების მისამართით გაკეთებული მსგავსი განცხადებები განსაკუთრებით საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს წინასაარჩევნო პერიოდში.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, საქართველოს კონსტიტუცია და “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი იცავს საჯარო მოსამსახურის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება. რაც არ გამორიცხავს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის პრინციპებით.
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”;
3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
4. კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
5. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
6. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
7. რეგიონის განვითარების ცენტრი;
8. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
9. საქართველოს მედია კლუბი;
10. ადამიანის უფლებათა ცენტრი