არასამთავრობო ორგანიზაციები: მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია

11.07.2017

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტროს) უარს და მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი, თვითნებური და თურქეთის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკური ლოიალობის უპრინციპო გამოხატულებაა.

2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებას სამინისტრო ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ დევნის კანონიერებითა და ლეგიტიმურობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ დაკავებული პირების ნაწილის გათავისუფლების, თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებაზე წვდომის, ასევე თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებების დაცვის შესახებ თურქეთისგან მიღებული დიპლომატიური გარანტიების არგუმენტებით ასაბუთებს.

მ. ჩაბუქის საქმეზე სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ არის გამყარებული ინდივიდუალური საქმის სათანადო შემოწმების შედეგებით, ობიექტური მტკიცებულებებითა და წარმოშობის ქვეყანაში არსებული უფლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის რეალისტური შეფასებით. მათ შორის, ტექსტში არ არის მითითებული და გაბათილებული საერთაშორისო ორგანიზაციების უკიდურესად კრიტიკული ანგარიშები თურქეთში არსებულ მძიმე უფლებრივ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სამინისტროს გადაწყვეტილებაში გამოყენებული ძირითადი არგუმენტი ემყარება სადავო მტკიცებას, რომ ფეთულაჰჰ გიულენის ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და ამ ორგანიზაციის წევრების ქმედებების მიმართ სახელმწიფოს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა ლეგიტიმურია. აღნიშნულის მტკიცებისას სამინისტრო სრულად უგულებელყოფს ფეთულაჰჰ გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი და ბლანკეტური დარღვევის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელიც აღნიშნულ პროცესს კანონიერ ბუნებას არსებითად უცვლის და პოლიტიკურ შინაარსს სძენს.

წამების პრაქტიკა თურქეთში შეაფასა და დაგმო ევროპულმა კომისიამ, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა (CAT), წამებაზე გაეროს მომხსენებელმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა. მათ შორის, ევროპარლამენტის უახლესი, 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუცია მიუთითებს თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; მათი გამოძიებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორინგის, ასევე სამართლიანი სასამართლო უფლების გარანტიების არარსებობის პრობლემაზე. ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს (2016) თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც მუსტაფა ჩაბუქის საქმეზეა გამოყენებული და მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის მოთხოვნებს და თვითნებური დევნის მაღალ რისკს შეიცავს. ამ მოცემულობაში აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ ორგანიზაცია FETO-ს 59 წევრის ექსტრადიციის შესახებ თურქეთის მოწოდების მიუხედავად, ევროპის ქვეყნებს დღემდე არც ერთი პირი არ გადაუციათ.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სამინისტროს შეფასებები, თურქეთში სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიების არსებობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, არასათანადო მოპყრობის არარსებობის შესახებ, აბსურდული და უსაფუძვლოა.

მეტიც, იმის მიუხედავად, რომ მ. ჩაბუქისთვის წარდგენილი ბრალდება სრულად საქართველოს  ტერიტორიაზე ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს შეეხება, რაც საქმეს საქართველოს  იურისდიქციაში აქცევს და სახელმწიფოს მის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს ანიჭებს,  სამინისტრო წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობაზე არც კი მსჯელობს.

სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე მიიღო დიპლომატიური გარანტიები მისი უფლებების დაცვის შესახებ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში გეგმავს თურქეთში მის ექსტრადიციას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უკიდურესი დარღვევა და სრული უგულებელყოფა იქნება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ვგმობთ სამინისტროს მიერ მიღებულ აშკარად დაუსაბუთებელ, უკანონო გადაწყვეტილებას; მოვუწოდებთ უწყებას, მისი საქმიანობა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და არ დაუშვას მსგავს საქმეებზე პროცესების პოლიტიზირება და კანონიერი ჩარჩოდან გაყვანა;
  • მოვუწოდებთ საერთო სასამართლოებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების სტანდარტების ჯეროვანი გამოყენებითა და დაცვით განიხილონ და ეფექტიანად უზრუნველყონ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება;
  • მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობას, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიცია თურქეთში, რადგან ეს გადაწყვეტილება არსებითად დაარღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რადიკალურად დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ  ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს;
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიაზროს მუსტაფა ჩაბუქის საქმის პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები და საქმეზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი უზრუნველყოს.

 

 ►სამინისტროს გადაწყვეტილების დეტალური კრიტიკული სამართლებრივი ანალიზი

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

გაეროს ასოციაცია საქართველოში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

 

 

NEWS

MULTIMEDIA