რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის წესის საკითხს ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
19.10.2015
განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა ფორსირებული წესით, უკონკურსოდ დანიშვნას უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ საბჭოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩენს კითხვებს საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით და ქმნის საზოგადოების უნდობლობას ამ პროცესის მიმართ.
როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე განიხილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა დადგინდეს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა გადაყვანის/დაწინაურების კრიტერიუმები და პროცედურა. სამოქალაქო საზოგადოებამ უარყოფითად შეაფასა საბჭოს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისი წესის არარსებობის და მისი გამოყენების აუცილებლობის არასათანადო დასაბუთების პირობებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 7 ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის პროცედურის დაწყების შესახებ.
გასათვალისწინებელია, რომ საბჭო ცდილობს დაარეგულიროს მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანის პროცესი და კრიტერიუმები მაშინ, როცა საბჭოში უკვე შესულია 7 ვაკანტურ ადგილზე გადაყვანის მსურველ მოსამართლეთა განაცხადებები. მიმდინარე პროცესში ფუნდამენტური რეგულირებების ცვლილება და ის ფაქტი, რომ საბჭო ცდილობს ნაჩქარევად მიიღოს მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმები და წესი, რომლის მიღებაზე წლების განმავლობაში არ უზრუნია, თავისთავად ახდენს ამ პროცესის დისკრედიტაციას. გარდა ამისა, პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას:
მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ინსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია კანონი, სულ მცირე, ადგენდეს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის/დაწინაურების ძირითად პრინციპებს, რომლითაც შეზღუდული იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერი შემადგენლობა კანონის საფუძველზე უფრო დეტალური პროცედურების მიღებისას. არ შეიძლება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მთლიანად დამოკიდებული იყოს საბჭოს წევრთა კეთილსინდისიერებაზე, არამედ გამყარებული უნდა იქნეს ინსტიტუციურ დონეზე, რაც პირველ რიგში შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს.
ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობა ნდობას უკარგავს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესს, რაც ინსტანციის სასამართლოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 მოსამართლის კონკურსის გარეშე გადაყვანას (დაწინაურების) უკავშირდება. მოსამართლეთა კონკურსის გარეშე გადაყვანის, ანუ დაწინაურების მიმდინარე პროცესი, რაც ფორსირებულად და დაუსაბუთებლად მიმდინარეობს, საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ეჭვქვეშ აყენებს შესაბამისი მოსამართლეების მიუკერძოებლობას მათ მომავალ საქმიანობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პოზიციებზე.
მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:
გამოვხატავთ მზადყოფნას, ღია და გამჭვირვალე პროცესის წარმოების შემთხვევაში ვითანამშრომლოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.