არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

14.07.2017

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში. მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გამოსვლას საჯარო კანონმდებლობის რეგულირების ფართე სფეროდან,  მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაურესებას,  მაუწყებელში დაცული ინფორმაციის მისაწვდომობისა და სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალედ წარმართვის გარანტიების შესუსტებას, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების გაუქმებას,  არ შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის საჯარო ბუნებასა და ფუნქციებს და ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობებს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი მენეჯმენტის პირობებში დაწყებული იმ რეგრესული პოლიტიკის ინსტიტუციონალიზაციის მცდელობაა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის იდეას და მის მეტწილად კომერციულ ინტერესებზე ორიენტირებულ მედია საშუალებად გარდაქმნას ისახავს მიზნად. აღნიშნული ინიციატივა იკითხება ახალი მენეჯმენტის მცდელობად მის მიერ დაწყებული, და არა ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული, რეფორმის პროცესი თვითნებურად, გამარტივებულად და დახურულ ფორმატში წარმართოს და შეზღუდოს საზოგადოებრივი კონტროლი მიმდინარე პროცესზე. ცხადია, ეს მიდგომა არსებითად დაასუსტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას და მის სოციალურ და პოლიტიკურ გავლენებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ითვალისწინებს სპეციალურ ჩანაწერს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, სახელმწიფო უწყებებისა და არსებითი კომერციული გავლენებისგან დაცვის მიზანს. კონსტიტუციის პროექტის გაცხადებული მიზნის საპირისპიროდ, წარმოდგენილი ცვლილებებით სუსტდება მაუწყებლის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები და ძლიერდება მისი კომერციალიზაციის საფრთხე, რაც  წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ, საჯარო ფუნქციასთან, არამედ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების არსთან – გარანტირებული გახადოს მაუწყებლის დამოუკიდებლობის  უზრუნველყოფა.

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა აღარ გავრცელდება მაუწყებლის მიერ შეძენილ ტელერადიოპროდუქციაზე

შემოთავაზებული ცვლილებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების სფეროდან გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი, ასევე გარე მომწოდებლებისგან მისაღები ტელერადიო პროდუქციის შესყიდვის პროცედურა, რაც სამართლებრივი რეგულირების მიღმა, მხოლოდ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულს ხდის ამგვარ შესყიდვებს. ცვლილება დაასუსტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულების სტანდარტს და შექმნის შესყიდვის პროცედურის არასაჯაროდ წარმართვის საფრთხეებს. ევროპის მაუწყებელთა კავშირის დასკვნა, რომლის მეშვეობითაც, მენეჯმენტი ასაბუთებს შემოთავაზებულ ცვლილებებს, არ შეიძლება განხილული იქნას თანასწორობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების საკანონმდებლო რეგულირების აქტებისგან განცალკევებით, წარმოდგენილი კანონპროექტი კი არ გვთავაზობს ამ შესყიდვების რეგულირების ალტერნატიულ მექანიზმებს და მათ, ყველანაირი სახელმწიფო რეგულირების მიღმა ტოვებს:

უარესდება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული საჯარო ინფორმაციის მისაწვდომობის სტანდარტი

საქართველოს კონსტიტუცია ადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტს, რომლის თანახმადაც, ყველა მოქალაქე უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ დოკუმენტაციაზე, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეიცავს  სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. შემოთავაზებული კანონპროექტი კი, კონსტიტუციით გარანტირებული ღიაობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ, ადგენს კონკრეტული ინფორმაციის დახურულობის სტანდარტს.  წარმოდგენილი ცვლილებებით შემოდის საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი დახურული ინფორმაციის ტიპი, რომელზეც არ ვრცელდება ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობით მოქმედი ინფორმაციის კონკრეტულ შემთხვევებში დახურვის წესი და პროცედურა. იმ პირობებში, როდესაც, კანონი ისედაც ითვალისწინებს, სათანადო საფუძვლებით, ზიანის მომტანი ინფორმაციის დახურვის შესაძლელობას და პროცედურას, სრულიად დაუსაბუთებელია, ამ რეგულირების გვერდის ავლით, დახურული ინფორმაციის წრის გაფართოება.

მაუწყებელზე აღარ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობა

შემოთავაზებული ცვლილებები მოითხოვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოსვლას საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სფეროდან, იმ დასაბუთებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას ან/და კლასიკური გაგებით ბიუჯეტის მხარჯავ ორგანიზაციას. საქართველოს საბიუჯეტო კანონმდებლობა, ბიუჯეტის მხარჯავ ორგანიზაციად მიიჩნევს ყველას, ვინც ექვემდებარება საქართველოს ხელისუფლების კონტროლს, ანგარიშვალდებული, ან დაფუძნებულია მათ მიერ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, თუ ისინი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს ცენტრალური ბიუჯეტის მხარჯავ ორგანიზაციას, განსაკუთრებით კი სწორედ ბიუჯეტიდან დაფინანსების წესის შენარჩუნების პერიოდში, გაუგებარი და ბუნდოვანია  საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან გასვლის დასაბუთება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის უფლებამოსილება დაუსაბუთებლად ფართოვდება

საზოგადოებრივ მაუწყებელს ენიჭება უფლებამოსილება დამწყები (სტარტაპ) საწარმოების წასახალისებლად მიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები. ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობის დასაბუთების არარსებობასთან ერთად, კანონპროექტი არ განსაზღვრავს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების წესსა და მექანიზმს, არ ადგენს გარანტიებს, ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიასა და დანიშნულებასთან შესაბამისად, ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის სტანდარტებით განკარგვასთან დაკავშირებით.

უქმდება საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დაცვის სპეციალური გარანტიები

შემოთავაზებული ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსათვის თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების განმსაზღვრელი უფლებამოსილების გაუქმების მოტივით, სრულად უქმდება საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულების დადების სპეციალური ვადები. ამგვარი ცვლილება,  დაუსაბუთებლად აუარესებს შრომითი უფლებების დაცვის არსებულ, სპეციალურ სტანდარტებს. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესის ფონზე ამგვარი ცვლილება ზრდის თანამშრომელთა მიმართ უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების რისკს.

კანონპროექტის ინიცირებამდე გამართულ განხილვაზე,  დაინტრესებული ჯგუფების და ორგანიზაციების მიერ კანონპროექტის არსებით ხარვეზებთან დაკავშირებით წარდგენილი დასაბუთებული მოსაზრებების მიუხედავად, ინიცირებული კანონპროექტი მნიშვნელოვანად არ გაუმჯობესებულა და ის კვლავ არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავს. გარდა ამისა, დაინტერესებულ საზოგადოებას, რომელმაც მანამდე დააფიქსირა კრიტიკული მოსაზრებები,  არ მიეცა პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

წარმოდგენილი სამართლებრივი შეფასების ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროქტის შინაარსი და მიზნები, ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალედ, დაუსაბუთებლად და საჯარო ინტერესის სტანდარტთან შეუსაბამოდ წარმართვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურულობის, მასზე საზოგადოებრივი კონტროლის შესუსტებისა და მაუწყებლის კომერციალიზაციის გაძლიერების საფრთხეს, რაც განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ბოლო დროს მაუწყებელში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

წარმოდგენილი კანონპროექტის  მნიშვნელოებიდან და მის მიმართ არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უზრუნველყოს გამჭვირვალე საპარლამენტო განხილვის პროცესის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებულ მხარეს მისცეს საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მოამზადეს სამართლებრივი შეფასება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გაეგზავნა პარლმენტის შესაბამის კომიტეტებს.


ხელმომწერი
ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი


 საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ”, მუხლი 17, ნაწილი 6.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 41, ნაწილი 1.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, მუხლი 6, პუნქტი „ს”.

 სტატია საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა ოპტიმიზაციის გეგმის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა