არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირები.
აღნიშნული განცხადებები, ძირითადად, უკავშირდება სახალხო დამცველის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებს ე. წ. ციანიდის საქმეზე1. დოკუმენტში, რომელიც საქმის გამოძიების მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგის შემდგომ მომზადდა, სახალხო დამცველმა სერიოზულ პროცესუალურ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება.
მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ. კერძოდ, დასკვნაში კრიტიკულად შეფასებულია: ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა2, ადვოკატებისთვის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილის საშუალებით3, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა4 და ა.შ.
სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს მეორე დღესვე საჯარო განცხადებით გამოეხმაურა ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი5, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში უკვე ჩანდა აგრესიული გამონათქვამები სახალხო დამცველის მისამართით. მალევე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ6, სადაც შეურაცხმყოფელ კონტექსტში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი. მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიას შეუერთდა იუსტიციის მინისტრი უსამართლო რეპლიკით, რომ უჩა ნანუაშვილი არის „პირველი უსამართლო ომბუდსმენი”.
ამ პროცესში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, საიდანაც ისე ჩანს, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები სახალხო დამცველს თავს ესხმიან და კრიტიკული პოზიციის გამოხატვის გამო აკრიტიკებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით – საერთაშორისო საზოგადოების თვალში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
მედიის განვითარების ფონდი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
კავშირი „საფარი”
საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო”
სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი