ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ უერთდება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის განცხადებას “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების პროექტის შესახებ.
###
საქართველოს პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა ნაჩქარევად არის მომზადებული და თავისი არსით აზიანებს ეროვნულ ბანკს, როგორც ინსტიტუტს; კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ეროვნული ბანკის ძირითადი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების საკითხი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტუტუციის თანახმად, „საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას”.
მიგვაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკს გასულ წელს უკვე ჩამოერთვა ფინანსური მონიტორინგის ფუნქცია, ამჟამად კი იგეგმება საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა, ბანკი სრულყოფილად ვეღარ შეძლებს მისი მთავარი ფუნქციის განხორციელებას.
ამასთან, გაუგებარია ასეთი ინიციატივის საფუძველი მაშინ, როცა საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად 2008 წლის ომისა, რუსეთის სავაჭრო ემბარგოს, საერთაშორისო კრიზისებისა თუ ეკონომიკური პრობლემებისა, ინარჩუნებს სტაბილურობას და საზოგადოების ნდობას; საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის ერთობლივ ანგარიშში კი დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული პოლიტიკა, მათ შორის საბანკო ზედამხედველობის კუთხით შექმნილი სისტემა და საქმიანობა.
საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ კანონპროექტთან მიმართებაში და მიანიშნეს იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ ინიციატივამ შეიძლება შექმნას.
ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს შევუერთდეთ ბიზნეს-სექტორის პრაქტიკულად უპრეცენდენტო ერთობლივ პოზიციას და, ამასთან, ხაზი გავუსვათ რამდენიმე საკითხს:
• კანონპროექტის მომზადებაში არ იყო ჩართული ეროვნული ბანკი, რაც კონსტიტუციით გარანტირებული ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის აშკარა შელახვას წარმოადგენს;
• კანონპროექტის მომზადებაში ასევე არ იყვნენ ჩართული ექსპერტები, ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც სრულიად გაუმართლებელია მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე;
• არ არის დასაბუთებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის მიზანშეწონილობა და კითხვებს აჩენს მისი ინიცირების დრო და სიჩქარე;
• საბჭოს დაკომპლექტების შემოთავაზებული მოდელი საბჭოს პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტის მაღალ რისკს შეიცავს, განსხვავებით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების წესისგან;
• მსგავსი გადაწყვეტილება დააზიანებს საბანკო სექტორს, მაგრამ ამავდროულად შეეხება თითოეულ ადამიანს, რომელსაც საბანკო სექტორთან რაიმე ტიპის ურთიერთობა აქვს, ანუ პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, მას ექნება ძალიან მკვეთრი პარალელური უარყოფითი ეფექტი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-იმიჯზე, შესაბამისად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შესაძლო საფრთხეები, უარი თქვას პროცესის პოლიტიზირებაზე და ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის შესუსტებაზე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
საზოგადოება და ბანკები
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
მწვანე ალტერნატივა