არასამთავრობო ორგანიზაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ
12 ნოემბერი, 2015
12 ნოემბერს ფონდი ” ღია საზოგადოება- საქართველოს” ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (საია), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამავე სასამართლოს 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. კერძოდ, გამოძიებამ უნდა მოიცვას პერიოდი 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე.
საქართველოში, ა.წ ოქტომბერში ვიზიტით მყოფმა ფატუ ბენსუდამ, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს და მათ წარმომადგენლებს აცნობა, რომ 2015 წლის 12 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებისთვის წარედგინათ თავიანთი პოზიცია გამოძიების დაწყებისთვის საჭირო საკითხებთან/საჭიროებებთან დაკავშირებით.
ამ მიმართვით, ზემოაღნიშნული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა სახელით, მხარს ვუჭერთ პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე და დამატებით მოვითხოვთ, რომ გაფართოვდეს გამოძიების ფარგლები.
მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს პროკურორის მოთხოვნა გამოძიების დაწყების თაობაზე და აღნიშნულმა გამოძიებამ აუცილებლად უნდა მოიცვას ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და სამოქალაქო პირებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ასევე გამოძიებულ უნდა იქნას კოდორის ხეობიდან ქართველების დევნის და მათი საკუთრების განადგურების ფაქტები. პროკურორი ფატუ ბენსუდას 2015 წლის 13 ოქტომბრის მოთხოვნაში, რომელიც ქართველების იძულებითი გადაადგილების, სამშვიდობოებზე სავარაუდო თავდასხმის, მკვლელობების, ეთნიკური ნიშნით დევნის, მოწინააღმდეგის და მტრის ქონების განადგურებისა და მოროდიორობის ფაქტების გამოძიებას ითვალისწინებს, სავარაუდო დანაშაულების ჩადენის ადგილად მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაა აღნიშნული.
ომის შედეგად დაზარალებულებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რადგან ამ დრომდე მათ ვერ აღიდგინეს დარღვეული უფლებები. დაზარალებულებს აქვთ მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად ყველა დამნაშავე დაისჯება.
ფონდი ” ღია საზოგადოება- საქართველო”
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი