ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ბახვისწყალზე, კურორტ ბახმაროს სარეკრეაციო ზონაში, კომპანია შპს „სი-სი-ეიჩ ჰიდრო VI“ გეგმავს 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის დერივაციული ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, შესაბამისად კომპანიის დაკვეთით საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგმა“ 2020 წელს მოამზადა – მდინარე ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში, რომელიც წარედგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და მთელი რიგი საკითხების დაზუსტება მოსთხოვა, მათ შორისაა 12 გარემოსდაცვითი საკითხი, რომლებიც ასევეა განხილული წინამდებარე შეფასების დოკუმენტში. სამინისტროს მიერ კომპანიისთვის მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია მოწმობს შესრულებული სკოპინგის ანგარიშის არასრულყოფილებას. წარმოდგენილი შენიშვნების სიმრავლე პირდაპირი ინდიკატორია სკოპინგის დოკუმენტის ხარისხისა და სრულიად ლოგიკურად აჩენს განცდას, რომ კომპანია არასერიოზულად მოეკიდა აღნიშნულ პროცედურას და მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონასთან დაკავშირებით, პასუხები უბრალოდ არ გააჩნია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სკოპინგის ეტაპზე არ განხორციელებულა სათანადო კვლევა არც გეოლოგიური და არც ჰიდროლოგიური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით. კომპანიის მიერ სამინისტროსადმი წარდგენილი ე.წ. სკოპინგის ანგარიში და დამატებით მომზადებული დოკუმენტაცია წარმოადგენს არა რეალურ ანგარიშსა და შეფასებას, არამედ სამომავლოდ დაგეგმილი და განსახორციელებელი კვლევების ნუსხას, რაც წინააღმდეგობაში მოდის სკოპინგის პროცედურის არსთან.