„ბავშვთა ჰოსპისის“ გერმანული გამოცდილების გაცნობა

20.05.2016

 

15-18 მაისს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” წარმომადგენლებთან ერთად ბერლინში, ბავშვთა ჰოსპისი „მზიური ბაღი” და ლაიფციგის ჰოსპისი “დათვის გული” მოინახულეს.  ასევე, შეხვდნენ ბუნდესტაგის დეპუტატს დოქტორ ფეისტს, რომელიც ლაიფციგის ჰოსპისს დაარსების დღიდან კურირებს და ეხმარება, როგორც ბუნდესტაგის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი.

ვიზიტის მიზანი ბავშვთა ჰოსპისის მუშაობის სისტემის გაცნობა და გერმანული გამოცდილების გაზიარებაა. როგორც ცნობილია, საქართველოში ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით ბავშვთა პირველი ჰოსპისის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულნი არიან საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი,  სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, სხვა ბიზნესკომპანიები და ინდივიდუალური დონორები. მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება.

ბავშვთა ჰოსპისის კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც ბავშვის ახალ გარემოსთან ჰარმონიულ შეგუებას უზრუნველყოფს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც გერმანელებს აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან დაწყებული პროექტი მაქსიმალურად იყოს მიახლოებული ამ მოდელთან. ამ ბავშვებს ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ, ვინც საქართველოში ამ პროექტს საფუძველი ჩაუყარა”, – განაცხადა ჰოსპისი მონახულების შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ.

ამ ვიზიტის შესახებ გერმანული პრესაც წერს.

ადგილობრივი მედია ამ თემაზე. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდი.

ბავშვთა ჰოსპისის ფეისბუქის გვერდი.