ბავშვთა პერსონალურ მონაცემთა დაცვა პენიტენციურ სისტემაში

29.07.2015

ტელევიზია:

რუსთავი 2, კურიერი.

მაესტრო, ახალი ამბები

ტვ აჭარა, ახალი ამბები

კავკასია, დღეს

პრესა და ინტერნეტმედია  

Interpressnews.ge  – პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა სახალხო დამცველის ოფისის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებაზე პრეზენტაციით უნდა წარდგენილიყო სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუმცა უწყებამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო.

შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” 6 თვის განმავლობაში ახორციელებდა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ანალიზს პენიტენციურ სისტემაში, ანალიზის შემდგომი ეტაპი კი გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს.

“ჩვენმა ორგანიზაციამ ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით გასული წლის ბოლოს ჩაატარა საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი, რომელიც შეეხებოდა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს. ამ ანალიზმა გამოკვეთა ხარვეზები ბავშვთა პერსონალური მონაცემების გაცნობის, შენახვის, დამუშავების და ასევე განადგურების წესთან დაკავშირებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს, რომ გამოვლენილი ხარვეზების დაძლევა მოხდეს და ასევე მოვახდინოთ სამინისტროს სუპერვიზია ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში. არის გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში მონაცემთა განადგურების წესთან დაკავშირებით, რომელიც დაურეგულირებელი იყო, მაგრამ ბოლო დროს მიღებულია ერთი ისეთი დოკუმენტი ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება, რომელიც არანაირ კრიტიკას არ უძლებს, ვინაიდან ის ხარვეზები, რაც გამოიკვეთა დატოვებულია ღიად, არ ჩანს რა სახის მონაცემები მუშავდება, ვინ ამუშავებს ამ მონაცემებს, არც განადგურების წესი არ ჩანს. ეს ყველაფერი შეიცავს რისკს, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ეცნობოდნენ პირები, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ და ასევე აღნიშნული მონაცემების არასწორი ფორმით გასაჯაროება, რაც სამწუხაროდ ხდება, შეიძლება ბავშვის სტიგმატიზაცია გამოიწვიოს და ხელი შეუშალოს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში”, – განაცხადა “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” ხელმძღვანელმა ტატო ქელბაქიანმა.

ორგანიზაცია პარტნიორ არასამთავრობოებთან ერთად ხარვეზების აღმოფხვრას ადვოკატირების გზით აპირებს. იგი მონიტორინგს უწევს სახელმწიფო უწყებების მიერ ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესს პენიტენციურ სისტემაში, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზები.