ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში

18.02.2015

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მართლმსაჯულების სფეროში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე დაცული უნდა იყოს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მყოფი ბავშვის მონაცემთა გასაჯაროებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის სტიგმატიზაცია, ხელი შეუშალოს მის ინტეგრაციას საზოგადოებაში, განათლების მიღებაში, სამუშაოს მოძიებაში… სისტემის დატოვების შემდეგ კი კიდევ უფრო განამტკიცოს ის იარლიყი ან თავის დასამკვიდრებლად არჩეული ‘იდენტობა’, რაც მას პენიტენციურ სისტემაში მოხვედრისას ჰქონდა.

‘საკმარისია ბავშვმა ფეხი შედგას პენიტენციურ სისტემაში და მის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. პერსონალურ მონაცემთა დაცვა არის ბავშვის გადარჩენა’- ამბობს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი.

საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით უამრავი ხარვეზი არსებობს, რაც ბოლო პერიოდში ორგანიზაციის ‘ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის’ ანალიზმაც გამოავლინა.   კვლევის შედეგების პრეზენტაცია 18 თებერვალს გაიმართა.

დღესდღეობით არსებული არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებიდან #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება არის ერთადერთი, სადაც მხოლოდ არასრულწლოვანები არიან განთავსებულნი. სხვა დაწესებულებებში არასრულწლოვნები განთავსებული არიან სრულწლოვნებთან ერთად, ცალკე განყოფილებებში. #11 დაწესებულების გარდა, სხვა დანარჩენ დაწესებულებებში სტრუქტურული ერთეულები, ფუნქციონალური უფლება- მოვალებები და ზოგადი საქმის წარმოება მიმდინარეობს ერთიანი წესით, სადაც არ არის გამიჯნული არასრულწლოვნებთან მუშაობის თავისებურებები.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ‘ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის’ ხელმძღვანელი ანტონ (ტატო) ქელბაქიანი ამბობს ‘დღეს,  ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ იმ პირებს და ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. პენიტენციურ სისტემაში მონაცემების არასწორი ფორმით გამოყენება ბევრ პრობლემას და რისკს აჩენს. გარდა სტიგმატიზაციისა, მონაცემთა გაუმართლებელმა გასაჯაროებამ შეიძლება ურაყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე,  შეცვალოს მისი დამოკიდებულება სამართალდამცავი ორგანოების და უფრო მეტიც, სახელმწიფოს მიმართ. გარდა ამისა, პერსონალური მონაცემები  შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პირის მიმართ ზეწოლის, მუქარის და შანტაჟის მიზნით, რისი მაგალითიც, სამწუხაროდ წარსულში ვნახეთ’.

გარდა გამოვლენილი ხარვეზებისა, კვლევის ანგარიში რეკომენდაციებსაც გვთავაზობს.

როგორც პენიტენციური, ასევე პრობაციის სისტემის ერთ-ერთი სუსტი მხარეა პერსონალის კვალიფიკაცია და გადამზადების სისტემა. კვლევაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციით პერსონალური მონაცემების დაცვაში ტრენინგის გავლა უნდა გახდეს სავალდებულო  არა მხოლოდ საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის, არამედ მმართველი რგოლისთვისაც. დაწესებულებაში უნდა დასაქმდეს ადამიანი, რომელსაც სპეციალური ცოდნა აქვს. ტატო ქელბაქიანის თქმით ‘პენიტენციური სისტემა- ეს არის “ინსტიტუციური კულტურა”, რომელიც საკმაოდ მძლავრია და ასე მარტივად დასაძლევი არ არის შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ადამიანისთვის”.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ხარვეზია სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობების აღრევა,  პერსონალური მონაცემების გაცნობაზე უფლებამოსილ პირთა შეუზღუდავი წრე, გაცნობის წესი და პროცედურები. შესაბამისად, ამ მხრივ რეკომენდაციაა, რომ განისაზღვროს, თუ ვინ შეიძლება გაეცნოს ბავშვის პირად მონაცემებს, რა შემთხვევაში და როგორ მოხდეს მისი აღრიცხვა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზია პერსონალური მონაცემების შენახვის და განადგურების წესი. “არ არსებობს პერსონალური მონაცემების შენახვის და განადგურების რეგულაციები, ვადები…თუ ბავშვი 14 წლის ასაკში პენიტენციურ დაწესებულებაში თუნდაც 2 საათით მოხვდა, მისი მონაცემები სისტემაში ინახება განუსაზღვრელი ვადით. ყველა საქმეზე უნდა არსებობდეს სხვადასხვა სტანდარტი- შენახვის წესი, ვადები, განადგურების წესი. ეს ეხება როგორც პენიტენციურ, ასევე პრობაციის სისტემას.”- ამბობს ქელბაქიანი.

კვლევის სამუშაო ჯგუფმა ცვლილებების ადვოკატირებაც დაიწყო, რომლის შედეგად

  • შევიდა ცვლილება ახალ საკანონმდებლო პაკეტში ‘სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ’, რომელიც ეხება არასრულწლოვნებთან მომუშავე პირების სავალდებულო გადამზადებას;
  • პენიტენციურ სისტემაში აუდიო-ვიდეო კონტროლის სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით შემუშავდა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი;
  • არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიაში შევიდა ცვლილება პრინციპების დონეზე, რომელიც ეხება ბავშვთა პირადი ცხოვრების პატივისცემას/პერსონალური მონაცემების დაცვას;
  • პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა ერთიანი ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ერთიან რეგულაციებს სისტემის შიგნით პერსონალური მონაცემების რეგისტრაციასთან და დაცვასთან დაკავშირებით.

‘ინიციატივას მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის’ სამომავლო გეგმებიც აქვს. ორგანიზაცია აქტიურად  გააგრძელებს საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დაძლევის ადვოკატირებას, ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებთან და შესაბამის  რეკომენდაციებს და კონკრეტულ საკანონდებლო ინიციტივებს შესთავაზებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

კვლევა ჩატარდა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის. საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზი ანტონ ქელბაქიანი; ნატალია ცაგარელი
სექტემბერი – ნოემბერი 2014 წელი