ფოტო: Ami Vitale, საერთაშორისო ფოტორეპორტიორი. გადაღებულია საქართველოში.
17 დეკემბერს ღია საზოგადოების ფონდმა კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს ბიუჯეტის დაგეგმვას და განაწილებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში-თელავში, გურჯაანში, ოზურგეთში, ხელვაჩაურში და ბათუმში.
ვიწრო შერჩევის მიუხედავად, ხუთი მუნიციპალიტეტის ანალიზი მაინც გვაძლევს ზოგად სურათს საქართველოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობის შესახებ. ერთერთი ძირითადი პრობლემა, რაც ვლინდება არის შშმ პირთა არასრულყოფილი სტატისტიკა და მოუწესრიგებელი ინფორმაცია შშმ პირებზე გაწეული სერვისის შესახებ. ნაკლებად არის შესწავლილი შშმ პირთა საჭიროებები და შესაბამისად, ბიუჯეტის გადანაწილებაც არაეფექტურია.
ბიუჯეტის განაწილება რეგიონებში შშმ პირთა საჭიროებებზე by OSGF on Scribd
25 წელია ღია საზოგადოების ფონდი მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე ჯანდაცვის სფეროში. ამის მთავარი და განუყოფელი ნაწილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, რაც პირველ რიგში მოიცავს ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის და სხვა სახის სერვისებზე. პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად უფასო იურიდიულ დახმარებას ვუწევთ შშმ პირებს, რაც უკავშირდება ერთმანეთისგან განსხვავებულ სრულიად სხვადასხვა საკითხებს- მათ შორის ქონებრივ დავებს. ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან იმისათვის, რომ შშმ პირთათვის ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის, განათლების და სხვა სერვისები. ადაპტირებული იყოს შენობები და ინფრასტრუქტურა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის, დადგეს ხმოვანი შეტყობინებები ტრანსპორტში და გადასასვლელებზე უსინათლო პირთათვის. ვაძლიერებთ შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციებს ისე, რომ მათ თავად შეძლონ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. მათ ყველაზე კარგად იციან, თუ რა სჭირდებათ.