‘არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი‘ ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დახმარებით სკოლებში ბულინგის პრევენციის პროექტს იწყებს. პროექტის პრეზენტაცია 22 იანვარს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში ჩატარდა.
ბულინგის დაძლევაზე მიმართული სასკოლო პროგრამა საპილოტეა და თბილისის ორ კერძო სკოლაში ‘მწვანე სკოლა’ და ‘ქორალი’ განხორციელდება. პროექტის მიზანია კონკრეტულ სკოლებში ბულინგის პრევენცია და ასევე ეფექტური მექანიზმის შემუშავება, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ექნებათ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს. შემუშავებული მეთოდოლოგია მიმართული იქნება თანატოლებს შორის ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის შემცირებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისკენ.
პროექტის პირველ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი შეისწავლის სკოლის შიდა კულტურას, ურთიერთობებს მოსწავლეებს, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რისი გათვალისწინებითაც შემუშავდება ბულინგის დაძლევის მექანიზმი: შემუშავდება სატრენინგო მასალა და მეთოდოლოგია, ბოლო ეტაპზე კი განხორციელდება ტრენინგები სკოლის თემის წარმოდგენლებისათვის (სკოლის ადმინისტრაციის, თანამშრომლები, მასწავლებლები მშობლებისთვის, მოსწავლეთა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის) და სხვა აქტივობები. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული მეთოდოლოგია ხელმისაწვდომი გახდება როგორც კერძო სკოლებისთვის, ისე განათლების სამინისტროსთვის, რაც მზა რესურსი იქნება პროგრამის დასანერგად საჯარო სკოლებში.
2015 წელს საჯარო სკოლებში ბულინგის მდგომარეობის კვლევამ („ჰომოფობიური ბულინგი საჯარო სკოლებში“, ანა სუბელიანი, აჩო ხაჩიძე) გამოავლინა, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი განიცდის ჩაგვრას სხვადასხვა საფუძვლით. მიზეზთა შორის კი უმეტესად გავრცელებული სტერეოტიპები და განსხვავებულობის მიუღებლობა გამოიკვეთა. მოზარდები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი რელიგიური, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული იმიჯისა და შეხედულებების გამო. კვლევამ დაადგინა, რომ სასკოლო წლების გარკვეულ მონაკვეთში, უმეტესად კი, 7-9 კლასებში, მოსწავლეების დიდი ნაწილი ბულინგის მონაწილეა. მოზარდები გვევლინებიან როგორც ბულინგის გამტარებლის, ისე მსხვეპლის ან შემყურეს როლში.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა ბავშვთა სუიციდის შემთხვევებმა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის რეკომენდაციებში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ბავშვთა სუიციდის ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი სწორედ მათ მიმართ ძალადობაა, რაშიც სასკოლო ბულინგიც მოიაზრება. მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტრო დღემდე პრობლემის იგნორირების რეჟიმში იმყოფება, არ ხდება ბულინგის პრევენციის სტრატეგიისა და მექანიზმის შემუშავება, განათლების შესახებ კანონი, ეთიკის კოდექსები და სახელმძღვანელო მითითებები არ უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას.
“ჩვენი ორგანიზაცია 2014 წლიდან მუშაობს მოცემულ პრობლემაზე. მიუხედავად განათლების სამინისტროსთან ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე აქტიური მოლაპარაკებებისა, სამინისტროს მხრიდან არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად, მათ შორის, ორგანიზაციას არ მიეცა საჯარო სკოლებში პროგრამის პილოტირების შესაძლებლობა. ამიტომ, ჩვენი საპილოტე პროგრამა მხოლოდ ორ კერძო სკოლას მოიცავს და განხორციელდება სამინისტროს მონაწილეობის გარეშე”- ამბობს ‘არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის‘ წარმომადგენელი ანა სუბელიანი.