ჩემი ამბავი

10.12.2017

“ჩემი ამბავი” პირადი ისტორიების ვიდეო კრებულია, სადაც სხვადასხვა საჭიროებისა და პრობლემების მქონე ადამიანებს საკუთარ ამბავს გულახდილად გვიყვებიან.   ამ ადამიანებმა იპოვეს ძალა, რომ საზოგადოების წინაშე მოეყოლათ საკუთარი ამბავი და ამით მათივე გამოცდილების მქონე ადამიანები გაემხნევებინათ.

სანდრო. ახალგაზრდა, რომელსაც აუტიზმი აქვს. სანდრო ხატავს, დაინტერესებულია ფოტოგრაფიით და სტაჟირებას გადის ილიას უნივერსტეტში. სანდრო არის დადებითი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტეგრირდეს საზოგადოებაში მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანი.

მარიამს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს. წლების მანძილზე წარმატებულ აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ საქმიანობას ჩამოშორდა და დაცინვის ობიექტი გახდა. იგი გვიყვება მის ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის მიმართ, ასევე მის სურვილზე რომ სოციუმი გახდეს უფრო ჰუმანური „მისნაირი“ ადამიანების მიმართ.

ნინო ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ლიმფომის და ლეიკემიის დიაგნოზი აქვს. იგი გადასახლდა ცხვარიჭამიაში, გაერიდა საზოგადოებას, რომელიც სტრესულ გავლენას ახდენდა მასზე. ნინო საკმაოდ აქტიურად და ხალისიანად ცხოვრობს, დასაქმებულია ბიზნესკომპანიაში. მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ ფონს, მას სჯერა, რომ ადამიანის შეუძლია იპოვოს ძალები საკუთარ თავში და გააგრძელოს ხარისხიანი ცხოვრება უმძიმესი დაავადების პირობებშიც კი. პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა ამ მოკლე ვიდეოს ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

მიშა C ჰეპატიტით ინფიცირებულია, რომელიც საავადმყოფოში არასტერილური იარაღების გამოყენების შედეგად დაინფიცირდა.

ანა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა, საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს. საუბრობს საზოგადოების დამოკიდებულებაზე მის და მისი მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ.

2013 წლიდან ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებისგან გარიყული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ტრენინგები დაიწყო “ამბის თხრობა და მოსმენა”, რომელიც თხრობის უნარებს ავითარებს და ბენეფიციარებს, სათქმელის ეფექტურად გადმოცემას ასწავლის.

ტრენინგის შედეგად, რამდენიმე ისტორია დამუშავდა, რომელიც მოკლე დოკუმენტური ვიდეოს სახით ქვეყნდება.

რეჟისორი: ლევან ადამია