ჩემი ხმა ევროკავშირს – კოალიციის განცხადება (30 სექტემბერი – 7 ოქტომბერი)

07.10.2024

სადამკვირვებლო კოალიცია – „ჩემი ხმა“ წარმოგიდგენთ წინასაარჩევნო პერიოდის ყოველკვირეულ შეფასებას:

  1. სიახლეები სადამკვირვებლო მისიის შესახებ
  • სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ აგრძელებს დამკვირვებლების რეგისტრაციას. ამ ეტაპზე დაკვირვების სურვილი გამოხატა 2250-მა მოქალაქემ. დამკვირვებელთა ტრენინგები დაწყებულია. სადამკვირვებლო მისიას შემოუერთდნენ სხვადასხვა პროფესიის და ასაკის მოქალაქეები.  მოხარულები ვართ, რომ დაკვირვების სურვილი გამოხატა კულტურის სფეროს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა, რომლებიც სხვა დამკვირვებლების მსგავსად გაივლიან ტრეინინგს და არჩევნებს საარჩევნო უბანზე დააკვირდებიან. დამკვირვებელთა მობილიზაციის კამპანიაში ჩაერთნენ ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ექიმები, მასწავლებლები, მუსიკოსები, თეატრალები, მედიის წარმომადგენლები. 

დიდი მადლობა მათ!

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა ოფიციალურად გააუქმა უკანონო გადაწყვეტილება სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ გაცხადებულ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად გამოცხადების თაობაზე. ეს არის ქართული  სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. გვჯერა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 

2. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხები

  • პოზიტიურად ვაფასებთ ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სპეციალურ საარჩევნო სიაში შეიყვანონ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია.  დადასტურდა, რომ როგორც სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ აცხადებდა, აღნიშული საკითხის მოგვარება ცესკოს ნორმატიული აქტის საფუძელზე შეეძლო, რასაც, სამწუხაროდ, ცესკო დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა და მიზეზად კანონის მოთხოვნებს იშველიებდა.
  • დღეს საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა. მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, გამოიყენონ დღევანდელი დღის შესაძლებლობა და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე/საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
  • კვლავ მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროოს 26 სექტემბრის და 7 ოქტომბრის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა, მათ შორის შესაბამისი ქვეყნების მითითებით. 
  • საზღვარგარეთ, არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება შორ მანძილზე გამოცხადება და არჩევნებში მონაწილეობა. კოალიცია მიიჩნევს, რომ ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისა და სათანადო კოორდინაციის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ქართველი ემიგრანტების რაოდენობა მაღალია, რაც ოპტიმალურად გადაჭრის მათთვის გეოგრაფიულ და სხვა სახის ბარიერებს. 
  1. ზეწოლა მედია საშუალებებზე
  • გრძელდება ზეწოლა მედიაზე. კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული მედია საშუალებები უკვე დააჯარიმეს სამოქალაქო სექტორის მიმართ არაეთიკური და სიძულვილის შემცველი “ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპის სამაუწყებლო ბადეში არ განთავსების გამო და მათი ეთერში გაშვება დაავალეს. მმართველი პარტია ახლა ტელევიზიებისგან ახალი ვიდეორგოლების გაშვებას ითხოვს. მიუხედავად მაღალი ჯარიმების საფრთხისა,  სამმა მედია საშუალებამ: „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ საჯაროდ განაცხადეს უარი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპების განთავსებაზე და მიიჩნიეს იგი, როგორც „უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირება“.  ტელეკომპანიები იზიარებენ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი” კამპანია და, შესაბამისად, უარს ამბობენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე. 

სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ სოლიდარულია მედია საშუალებების მიმართ და მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი კამპანია.

  1. სასამართლო დავები
  • ამ ეტაპზე, წინასაარჩევნო საკითხებზე ჩატარებული სასამართლო პროცესებიდან, რომლებზეც მიმდინარეობდა მონიტორინგი, 27 საქმეზე გამოცხადდაა გადაწყვეტილება. საჩივრები უმეტესად სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში. ამ ეტაპისთვის არც ერთი დავა არ დასრულებულა მომჩივანის სასარგებლოდ. 

მოვუწოდებთ სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიიღოს სამართლის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად და არა მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ. 

  1. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება
  • როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან. ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან. კოალიციის წევრებმა მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საეჭვო სქემით განხორციელებული 2 მლნ ლარის შემოწირულობა გამოავლინეს. ათობით შემომწირველს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ მიღებული. მაგალითად, აჭარაში მოქმედ ბიზნესმენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან, სახელმწიფო შესყიდვებიდან 556 მლნ ლარი აქვთ მიღებული და ამავე დროს, 3,000,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიიღეს სამშენებლო ნებართვები.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სამსახურს გამოიძიოს მმართველი პარტიის შემომწირველთა საქმეები .

  1. “ხარებას” როლი არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში

2024 წლის 30 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ – ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფები“, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მიიღებს. 

კოალიციას მიაჩნია, რომ ასეთ პიროვნებას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე, თუნდაც ირიბი შეხება არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებთან.

  1. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

8. „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატები რეგიონებში რეგულარულად იყენებენ ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს აგიტაციისთვის. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძაშიხელვაჩაურშიგარდაბანშიხულოშიონში

9. შემაშფოთებელი და კანონის დარღვევაა გარე რეკლამების მონოპოლისტის, „ალმა პლიუსის“, მიერ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისთვის“ წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარის თქმის ფაქტი. აგრეთვე კანონდარღვევას წარმოადგენს „ტვ იმედის“ მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარის თქმაც.

სადამკვირვებლო კოალიცია  –  „ჩემი ხმა“ აგრძელებს დამკვირვებელთა რეგისტრაციას. მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე ნიშნავს მეტ დაცულ ხმას.

სიახლეები

მულტიმედია