CIVIL PITCH- ინიციატივა საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ფარგლებში

12.05.2019

12 მაისს, Civil Pitch-ის შერჩეულმა კანდიდატებმა საკუთარი პროექტები კინოინდუსტრიის საერთაშორისო პროფესიონალებს წარუდგინეს.

Civil Pitch ყოველწლიური პროექტია, რომელსაც ღია საზოგადოების ფონდი წელს  მესამედ აფინანსებს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.

“პროექტი კინორეჟისორებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ერთმანეთთან აკავშირებს და კინოს მეშვეობით საზოგადოების ყურადღებას იმ აქტუალური საკითხებისკენ მიმართავს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ჩრდილში რჩება. ეს შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების საკითხები და სოციალური სფერო”- არჩილ ხეთაგური, კინოფესტივალის დირექტორი.

Civil pitch კონკურსანტების შერჩევა წარმოდგენილი განაცხადების განხილვით იწყება, შემდგომი ეტაპია დაინტერესებული პირების საერთო სივრცეში შეკრება ხედვის, ინტერესის სფეროების გასაზიარებლად, რაც რეჟისორებისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო იდეის გარშემო გაერთიანებით სრულდება.

კონკურსის მონაწილე ათმა წყვილმა საერთაშორისო ჟიურის კინოპროექტების იდეა  და შინაარსი ტრეილერების და პრეზენტაციების სახით გააცნო. გამარჯვებული სამი წყვილი 13 მაისს, კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე დასახელდება. წელს ღია საზოგადოების ფონდი ორ პროექტს დააჯილდოვებს: ერთს ფილმის წარმოებისთვის 3000 აშშ დოლარი გადაეცემა, მეორე პროექტი დაჯილდოვდება 500 აშშ დოლარის ოდენობის პრიზით ფილმის განვითარებისთვის, ხოლო მესამე პროექტს გადაეცემა 1000 აშშ დოლარი Current Time TV-სგან.

Civil Pitch-ის უმნიშვნელოვანესი ნაწილია შერჩეული კანდიდატების ტრენინგი, რომელსაც უძღვებიან საერთაშორისო ტუტორები-დანიელ აბმა და  ბრიჯიდ ო’ში.

“ეს არის შესაძლებლობა, რომელიც პროექტის მონაწილეებს პროფესიული უნარების განვითარებაში ეხმარება. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება საერთაშორისო ჟიურის წინაშე საპროექტო იდეების წარდგენის ხარისხი. მაშინ როცა წინა წლებში პროექტებს არ ახლდა ტრეილერები, ახლა უკვე დახვეწილი და შთამბეჭდავი ტრეილერებით მოდიან კონკურსანტები. წლევანდელ კინოფესტივალზე უკვე 2018 წლის CIVIL PITCH გამარჯვებულ ფილმებს ვნახავთ. “-  ხატია ჯინჯიხაძე, ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერი და დირექტორის მოადგილე.

წლევანდელი კონკურსანტები:

  • „კერა“ – MAC Georgia და ნათია არაბული-ვეგერი

  • „იდენტობა პროცესში“ – „ახალი ვექტორი“ და ნინო მემანიშვილი

  • „ჩემი დაკარგული სხეული“ – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“ და ალექსანდრე კვატაშიძე

  • „თინეიჯერის ცხოვრება თბილისში“ – საქართველოს გოგონა სკაუტები „დია“ და ომარ წოწორია

  • „გზა მშვიდობისკენ“ – კავკასიური სახლი და თამარ კვაჭანტირაძე

  • „ვიტალი“ – ჩართულობისა და განვითარების ცენტრი და ქეთი გიგაშვილი

  • „Pb,82“ – „ღია სივრცე კავკასია/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და მარიამ აგლაძე

  • „დროის მანქანა“ – „ქსელი“ და თიკო ნადირაშვილი.

  • „ლადო მასწავლებელი“ – კოალიცია „განათლება ყველასთვის“ და თომა ჩაგელიშვილი

  • „ქალი საქართველოს სოფლიდან“ – „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ და თათია შაიშმელაშვილი

წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები იქნება 2018 წელს, Civil Pitch-ის გამარჯვებული ორი ქართული ფილმი. “გარაჟებზე” – რეჟისორები გიორგი ფარქოსაძე და მარიამ კობალაძე და ტრანსფერი საქართველოში – რეჟისორები ნათია არაბული-ვეგერი და გიორგი გოგიშვილი.

კინოფესტივალის წლევანდელი პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ Cinedoc-ის  ვებგვერდზე.

 

NEWS

MULTIMEDIA