ღია საზოგადოების ფონდის ახალი სოციოლოგიური კვლევა „ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში. მიზეზები, საჭიროებები, გარემო“ აღწერს თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში მაცხოვრებელი ოჯახების და ინდივიდების ყოფას, გარემოს და საცხოვრებელ პირობებს.
კვლევის მიზანია მოქმედი მუნიციპალური საცხოვრისის სოციალური არქიტექტურისა და საცხოვრებელი პირობების, საცხოვრისების ფუნქციური დატვირთვის და მასში მცხოვრებთა თვალით დანახული ფიზიკური გარემოს შესწავლა. ამასთან, გარკვევა იმისა, თუ რომელია საცხოვრისში მაცხოვრებელი ოჯახების უსახლკარობის ზოგადი ფაქტორები.
კვლევა ასახავს ქუთაისის და თბილისის სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები 151 ოჯახიდან ყოველი მესამე ოჯახის (55 ოჯახი) მდგომარეობას და შეფასებას.
ძირითადი მიგნებები
სხვადასხვა კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ საქართველოში უძრავი ქონების დაკარგვას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს. ამ ჩამონათვალში მოწინავეა დაურეგულირებელი საბანკო და საკრედიტო პოლიტიკა, რასაც მოსდევს უძრავი ქონების დაკარგვა თვალთმაქცური გარიგებების, ჯანმრთელობის გამო გაყიდული ბინების, ავარიული და ნგრევადი სახლების, ოჯახური ძალადობის და სხვა მიზეზები.
თბილისისა და ქუთაისის სოციალურ საცხოვრისებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური საცხოვრისის არსებული ფორმა ვერ ქმნის ადამიანთა საცხოვრებლად სათანადო და ღირსეულ პირობებს, ხოლო დამხმარე ეკონომიკური და სოციალური პროგრამების არარსებობა ტვირთად აწვება მათ მატერიალურ, სოციალურ და ფიზიკურ მდგომარეობას.
საცხოვრისში გატარებული წლები კვლევის რესპონდენტებისთვის იზოლაციისა და სოციალური გარიყულობის მწარე გამოცდილებაა. ამ დროის განმავლობაში გაუარესდა მათი განათლების, დასაქმების, კვალიფიკაციის, სოციალური ურთიერთობების პერსპექტივები.
„სოციალური საცხოვრისის არსებული პოლიტიკა არ ითვალისიწინებს ბენეფიციართა საჭიროებებსა და ინტერესებს. სიღრმისეული კვლევისა და ანალიზის გარეშე შექმნილი ეს სერვისი აცდენილია უსახლკარობის პრობლემის გადაჭრის მიზანს, ხოლო ბენეფიციარებს მუდმივად დახმარებაზე დამოკიდებულ პირებად აქცევს. მიუხედავად ამისა, თბილისისა და ქუთაისის მუნიციპალური სოციალური საცხოვრისები დღეს არსებული ერთადერთი მხარდაჭერაა აქ მცხოვრები ოჯახებისა და პირებისათვის. თუნდაც მძიმე პირობებით – ჭერის ქონა, ყოველთვიური ქირის ტვირთისგან გათავისუფლება, აბაზანა, მუდმივი წყალი და ელემენტარული საცხოვრებელი გარემო -გამოუვალი მდგომარეობიდან უალტერნატივო გამოსავალი ხდება“-კვლევის დასკვნაში აღნიშნავს კვლევის ავტორი ქეთი სართანია.
ნახეთ კვლევის სრული ვერსია.
უყურეთ პრეზენტაციის ჩანაწერს.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.