2020 წლის ივლისში ევროკავშირის მხარდაჭერით ღია საზოგადოების ფონდმა და საქართველოს გაეროს ასოციაციამ პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” (LINKS) განხორციელება დაიწყეს.
აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი ცხრა პროექტთაგანია, რომელსაც ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4J) პროგრამა აფინანსებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად. პროექტების მიზანია, დაეხმაროს ათასობით საქართველოს მოქალაქეს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.
პროექტი “LINKS” მიზნად ისახავს ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდას ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.
სამიზნე ჯგუფს და ბენეფიციარებს წარმოადგენენ: საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები, პირები, რომლებიც არ არიან ჩართულები საგანმანათლებლო პროცესში და არ არიან დასაქმებულნი (NEETs), საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები, პროფესიული სასწავლებლები, ადგილობრივი ახალგაზრდული ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ჯგუფები.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება:
შრომის ბაზრის მონიტორინგი და კვლევა. ოთხ რეგიონში, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის საფუძველზე, შეგროვდება და დამუშავდება მონაცემები ადგილობრივი შრომის ბაზრის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და დინამიკაზე. უზრუნველყოფილი იქნება კვლევის შედეგების ფართო გავრცელება და შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
რეგიონული სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების მიზანია კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ინფორმაციის მუდმივი გაზიარების გზით, რაც, თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების მომსახურების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
დასაქმების ფორუმები. დისკუსიების, შეხვედრებისა და გაცვლითი ღონისძიებების მეშვეობით, ხელი შეეწყობა სხვადასხვა სექტორს შორის კავშირის დამყარებას; შესაბამისი სფეროს წარმომადგენლების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ. დასაქმების ფორუმები ჩატარდება ოთხივე რეგიონში.
საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერების გაძლიერება. პროექტი ითვალისწინებს დასაქმებისთვის საკვანძო უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოების შექმნას და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლების ჩართვას ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებში და გაცვლით ღონისძიებებში, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით. სემინარების, ლექციებისა და კარიერული კონსულტაციების გზით, პროექტი ასევე გეგმავს ახალგაზრდებში პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ონლაინ რესურსები უნარების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობისთვის. შემუშავდება სხვადასხვა ტიპის ონლაინ რესურსი, რაც, უწყვეტი განათლების პრინციპებზე დაყრდნობით, ახალგაზრდების თვითგანვითარებასა და დამსაქმებელთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს. მათი მეშვეობით, შრომის ბაზრის ტენდენციები, ისევე როგორც დასაქმებისა და მეწარმეობის წარმატებული მაგალითები ფართო საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა საერთო ბაზა ეფექტიანი ინსტრუმენტის ფუნქციას შეასრულებს ორივე მხარის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.
მოძრავი სახალხო უნივერსიტეტი. სხვადასხვა სივრცეში ლექციების, სემინარებისა და სადისკუსიო შეხვედრების ჩატარების გზით, პროექტი მოიცავს ისეთ ჯგუფებს, რომლებიც ნაკლებად არიან ჩართულნი სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ლექციების თემები მოიცავს სხვადასხვა აქტუალურ საკითხს როგორც სამოქალაქო განათლების და აქტიურობის, ისე დასაქმების, პროფესიული სასწავლებლებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ.
ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრები. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შრომის ბაზრის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; იმ უნარ-ჩვევების განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც ახალგაზრდებს სჭირდებათ, ერთი მხრივ, სამუშაოს დასაწყებად, ხოლო, მეორე მხრივ, სამუშაოს შესანარჩუნებლად და შემდგომი კარიერული განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიზნით, რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჩამოყალიბდება ცოდნისა და უნარების განვითარების (LINKS) ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და უნარების განვითარება. თითოეული LINKS ცენტრის მეშვეობით ახალგაზრდებს შეეძლებათ: განივითარონ დასაქმებისთვის მნიშვნელოვანი უნარები, გაიღრმავონ ცოდნა ციფრულ და კომპიუტერულ წიგნიერებაში; მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო განათლების ტრენინგებში; გაიარონ უცხოური ენის შემსწავლელი კურსები; გაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარები; იქონიონ წვდომა უწყვეტი განათლების ონლაინ პლატფორმაზე.
დასაქმებისა და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა. LINKS ცენტრის წევრები კონსულტაციებს გაივლიან კარიერის დაგეგმვის მიმართულებით; მონაწილეობას მიიღებენ ანაზღაურებად დასაქმების პროგრამაში; დარეგისტრირდებიან და ისარგებლებენ დამსაქმებელებსა და სამუშაოს მაძიებლების მონაცემთა საერთო ბაზით; შესაძლებლობა მიეცემათ, განახორციელონ სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტები.