სამოქალაქო საზოგადოების ფონდი განიხილავს პროექტებს, რომლებიც ღია კარის წესით ან კონკურსის ფარგლებში მიიღება. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველი პროექტი ფონდის კონკრეტული პროგრამის 2024 წლის სტრატეგიას შეესაბამებოდეს. თითოეული პროგრამის სტრატეგიასა და განაცხადების მიღების კრიტერიუმებს გაეცანით აქ: პროგრამები
სასურველია, ფონდში პროექტის შემოტანამდე კონსულტაცია გაიაროთ კონკრეტული პროგრამის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრა სწორ წარმოდგენას შეგიქმნით თქვენი პროექტის ფონდის პრიორიტეტებთან შესაბამისობის შესახებ.
კონსულტაციები პერიოდულად იგეგმება, ონლაინ, რეგისტრაციის საფუძველზე.
ინფორმაცია უახლოესი კონსულტაციის შესახებ ამ გვერდზე გამოქვეყნდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: contact@csf.ge; +995 32 2 25 04 63.
აუცილებელია, სრულად შეავსოთ ინფორმაცია, რომელსაც ფონდში წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს.
მნიშვნელოვანია, რომ
განსახილველი პროექტი ფონდის კონკრეტული პროგრამის სტრატეგიას შეესაბამებოდეს.
კონსულტაციის დანიშვნამდე, გთხოვთ, გაეცნოთ ფონდის მიმდინარე პროგრამების პრიორიტეტებს, განაცხადების მიღების კრიტერიუმებსა და ჩვენს პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.
ფონდიდან დაფინანსების მიღება შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს.
ფონდის საქმიანობა შესაბამისობაშია გრანტების შესახებ საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი, მისი წარმომადგენლობა-ფილიალი, განყოფილება.
გრანტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გრანტის მიმღები ვერ იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქე. გრანტის მიღების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს, საქართველოს რეზიდენტ ან არარეზიდენტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის წარმომადგენლობას-ფილიალს, განყოფილებას.
ფონდი მხარს უჭერს როგორც გამოცდილ, ისე ახლადდაარსებულ ორგანიზაციებს.
პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტის წარმდგენი, მოცემულ მომენტში, ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ერთსა და იმავე პერიოდში მიმდინარე პროექტების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამ პროექტს.
საპროექტო განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ, საგრანტო განაცხადის ფორმის შევსების მეშვეობით.
პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის. მისი განხორციელების ვადა უნდა შეესაბამებოდეს დაგეგმილ საქმიანობას.
პროექტის ბიუჯეტის ზედა ზღვარი დადგენილი არ არის. ბიუჯეტი უნდა იყოს ხარჯთეფექტური, დასაბუთებული და შეესაბამებოდეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობას.
სახელფასო ბიუჯეტის ზღვარი დადგენილი არ არის და დამოკიდებულია პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.
საგრანტო განაცხადი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრაციიდან 2 თვის განმავლობაში.
პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დაწყების თარიღი აითვლება ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, პროექტის დაწყების თარიღის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოთ პროექტის განხილვისა და დამტკიცებისთვის საჭირო 2 თვის ვადა.
პროექტის რეკომენდატორი არ უნდა იყოს ფონდის აღმასრულებელი საბჭოსა და საექსპერტო კომისიის წევრი, ფონდის თანამშრომელი ან რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის მქონე პირი.
რეკომენდაცია უნდა ეხებოდეს პროექტსაც და მის წარმდგენსაც.
სასურველია, რეკომენდატორი იყოს პროექტის შესაბამის სფეროში კომპეტენციის მქონე პირი. გარდა ამისა, რეკომენდატორი უნდა იცნობდეს პროექტის წარმდგენის გამოცდილებასა და საქმიანობას.
პირველ ეტაპზე, წარმოდგენილ საპროექტო განაცხადს შესაბამისი პროგრამის საექსპერტო კომისია განიხილავს.
პროექტის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო, საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
სამოქალაქო საზოგადოების ფონდში კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დაწუნებული პროექტის დაფინანსების საკითხი აღარ განიხილება მომდევნო წლის მანძილზე და/ან მიმდინარე სტრატეგიული პრიორიტეტების მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, შინაარსობრივად დაწუნებული პროექტის მსგავსი განაცხადი მოკლებულია დაფინანსების შესაძლებლობას. პროექტის ხელმეორედ წარმოდგენის საკითხი შესაბამისმა პროგრამამ უნდა განიხილოს.
საპროექტო განაცხადის შემოტანასთან დაკავშირებული კონსულტაცია პერიოდულად იგეგმება, ონლაინ, რეგისტრაციის საფუძველზე. ინფორმაცია უახლოესი კონსულტაციის შესახებ ამ გვერდზე გამოქვეყნდება.
ფონდი საზღვარგარეთ სწავლას არ აფინანსებს. საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოძიების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებგვერდს www.cie.ge.
ფონდი სამგზავრო გრანტებს არ გასცემს. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფონდის მიერ დაფინანასებული პროექტი მონაწილეთა საერთაშორისო ვიზიტს ითვალისწინებს.
ფონდის მხარდაჭერით გამოცემული პუბლიკაციები, ძირითადად, უფასოა. მათი უმეტესი ნაწილის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ფონდის ვებგვერდის განყოფილებაში “პუბლიკაციები“. ის პუბლიკაციები, რომელთა ელექტრონული ვერსიები არ არსებობს, შეგიძლიათ, მოიძიოთ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში არსებულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ათასზე მეტი დასახელების სხვადასხვა თემატიკის წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გადამოწმება შესაძლებელია ელექტრონული კატალოგის მეშვეობით.
ამჟამად ფონდი ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებს არ აფინანსებს.