დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მოდელის პრეზენტაცია

24.02.2015

2015 წლის 25 თებერვალს 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში” მართავენ პრეზენტაციას „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი- მოდელი საქართველოსთვის”.

პრეზენტაციაზე საქართველოს ხელისუფლების, ომბუდსმენის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქართველოს მოდელის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გააცნობს ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბატონი მანფრედ ნოვაკი,რომელიც საქართველოში აღნიშნული მოდელის შეფასების მიზნით იმყოფება.

სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების გამოძიებას განსხვავებული სპეციფიკა აქვს და გამოძიების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის დამატებით გარანტიებს საჭიროებს.

საქართველოში არ არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამომძიებელი ცალკე ორგანო, თუმცა ამის მრავალი წარმატებული მაგალითი და მოდელია მსოფლიოში. საქართველომ ასეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის, გაეროსა და ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაციების რეკომენდაციათა საფუძველზე მიიღო და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაშიც (2014-2016) ასახა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, მომზადდა კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, რომელიც, ექსპერტის შეფასებასთან ერთად, პრეზენტაციაზე განიხილება.