დასავლელ პარტნიორებზე მმართველი პარტიის თავდასხმები შემაშფოთებელი ტენდენციის სახეს იღებს

17.11.2021

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ცალსახად ემსახურება საქართველოს დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დისკრედიტაციას.

ეს არ არის პირველი შემთხვევა,  როდესაც მმართველი პარტიის ლიდერები საჯაროდ და დაუფარავად ესხმიან თავს უცხოელ პარტნიორებს, როცა ისინი კრიტიკულად აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ეს კრიტიკა ხშირად ეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას, პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს, საარჩევნო დარღვევებს თუ სხვა საკითხებს, რომლებიც მათი, როგორც ქვეყნის გულშემატკივრების, სამართლიან გულისწყრომას იწვევს. მათი გულწრფელი სურვილია საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მათ ღირსეული ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლებენ დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით, პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობით, მაღალი ხარისხით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმა იქნება დაცული, იარსებებს მკვეთრი ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის და ყველა ინსტიტუტი იმუშავებს გამართულად, მოქალაქეთა საკეთილდღეოდ. სწორედ ასეთ საქართველოს უჭერს მხარს დასავლეთი. ზუსტად ამიტომ, მათ არაერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას თუ პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ ქართველ ხალხს გულშემატკივრობენ.

ნაცვლად იმისა, რომ ობიექტური კრიტიკა გაიზიაროს და სხვადასხვა მიმართულებით სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ხელისუფლება ბოლო დროს, სულ უფრო კამპანიურ ფორმას აძლევს ჩვენს დასავლელ მეგობრებზე თავდასხმებს. ცალკეული ჯგუფები და ლიდერები არც შეურაცხმყოფელ ტონს ერიდებიან და ხშირად, ადანაშაულებენ  ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში მათ, ვის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც საქართველოს სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. ასეთი რიტორიკით, ქვეყანას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა განვითარების დასავლურ ვექტორს უჭერს მხარს, სულ უფრო მეტი ზიანი ადგება. ამას ემატება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებსა და  დასავლეთის ფინანსურ დახმარებებზე საჯაროდ უარის თქმა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია, საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური კრიზისების დარეგულირებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაწეული უდიდესი ძალისხმევით მიღწეული შედეგები, რომლებიც საბოლოოდ უგულვებელყოფილი იქნა ხელისუფლების მხრიდან.

ყველა ზემოთაღნიშნული ფაქტი ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. აშკარაა, რომ უკვე ტენდენციის ფორმას იღებს ხელისუფლების დაპირისპისპირება დასავლელ პარტნიორებთან. როგორც ჩანს, მმართველი პარტია არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და ამისთვის მზადაა დასავლეთის სახელმწიფოებთან და პოლიტიკოსებთან ურთიერთობაც გაიფუჭოს, ქვეყანას კი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება იყო და არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია. ვფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით  და განცხადებებით სულ უფრო გვაშორებს ჩვენს ისტორიულ არჩევანს.

 

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. ღია საზოგადოების ფონდი
  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  5. ევროპის ფონდი
  6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  7. მედიის განვითარების ფონდი
  8. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  9. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  10. საზოგადოება და ბანკები
  11. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  14. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  15. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  17. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  18. “უფლებები საქართველო”
  19. საფარი
  20. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  21. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი
  22. ცენტრი “ემპათია”
  23. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  24. მოძრაობა “სირცხვილია”
  25. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  26. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი